კორონავირუსი საქართველოში

ვიბლიანი: მესტიაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება

ფორმულა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის თქმით, კორონავირუსით​ ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა მესტიაში გაიზარდოს

მისი თქმით, ტესტირების ჩატარების დროს ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდათ.

"ფართო გავრცელებას ვერ ვიტყვი, მაგრამ სავარაუდოდ ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება. ვნახოთ, დაველოდოთ... 150-მდე ადამიანი ამ წუთისთვის გადაჰყავთ და გადანაწილებულები იქნებიან იმერეთსა და თბილისში. შესაბამისად მესამე კოლონა მზადდება". – ამბობს ვიბლიანი. 

10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. უკვე მზად არის ჯამში 327 ოთახი.

კომენტარები