კორონავირუსი საქართველოში

რა შეზღუდვები წესდება მესტიაში - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები წესდება. 

კერძოდ:

  • იზღუდება გადაადგილება, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. 
  • წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის
  • დაბა მესტიასა და უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. 
  • ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს გაივლის სავალდებულო კარანტინს. 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში პირბადეების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.

დღეს, 10 აგვისტოს აღრიცხული 25 ახალი შემთხვევიდან 17 - მესტიაში გამოვლინდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა თქვა და აღნიშნა, რომ ყველა ინფიცირებული, ფაქტობრივად, ერთი ოჯახის წევრია.

მისივე თქმით, ვირუსი ლენჯერში სტუმრად ჩასული ადამიანისგან გადაედოთ. ინფიცირებულების 37 კონტაქტი უკვე მოკვლეულია. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1250 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1010 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები