ჰონგ-კონგი

აშშ-მ ჰონგ-კონგის ავტონომიის ძირის გამოთხრისთვის ქალაქის 11 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ჰონგ-კონგში ათასობით მომიტინგე აშშ-ის მიერ ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონის მიღებას აღნიშნავს - ჰონგ-კონგი, 2019 წელი.

აშშ-მ ჰონგ-კონგის ავტონომიის ძირის გამოთხრისთვის, ჰონგ-კონგის მოქალაქეებისთვის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვისთვის 11 მაღალჩინოსანს, მათ შორის, ქალაქის ლიდერს, კერი ლამს, სანქციები დაუწესა.

სანქციებით მათ აშშ-ში ნებისმიერი აქტივი ეყინებათ და ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება ეკრძალებათ.

"დრაკონული ეროვნული უშიშროების კანონმდებლობის ამოქმედებამ არამხოლოდ ძირი გამოუთხარა ჰონგ-კონგის ავტონომიას, არამედ ამან დაარღვია ჰონგ-კონგელი ხალხის უფლებები, რითაც ჩინეთის უშიშროების სამსახურს უფლება აქვს დაუსჯელად იმოქმედოს რეგიონში, ავალდებულებს "ეროვნული უშიშროების შესწავლას" ჰონგ-კონგის სკოლებში, ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და ქმნის ცენზურის ნიადაგს ნებისმიერ პირსა და ორგანიზაციაზე, რომელიც ჩინეთისადმი არამეგობრულია." – ვკითხულობთ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანი, სტივენ მნუჩინი ამბობს, რომ აშშ ჰონგ-კონგელი ხალხის გვერდით დგას და ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა მიზანში ამოიღონ ისინი, ვინც ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრიან.

აღსანიშნავია, რომ სანქცირებულ მაღალჩინოსნებს შორის არიან კონტინენტური ჩინეთის მთავარი ოფიციალური პირი ჰონგ-კონგში, ლუო ხუეინინგი და პეკინში ჰონგ-კონგისა და მაკაოს საქმეთა ოფისის ხელმძღვანელი, სია პაოლონგი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ ეს ნაბიჯი "არის ნათელი მესიჯი, რომ ჰონგ-კონგის მთვარობის წარმომადგენლების საქციელი მიუღებელია" და არღვევს "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპს:

"ჩვენ განზე არ გავდგებით მაშინ, როდესაც ჰონგ-კონგელი ხალხი სასტიკი შევიწროების ქვეშაა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან მათ მიერ, ვინც [პეკინს] ამის უფლებას აძლევს".

გასული ორი თვის განმავლობაში ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უშიშროების კანონის წარდგენის შემდეგ ტრამპი ჩინეთს ემუქრება, რომ ჰონგ-კონგის თავისუფლების შეზღუდვისთვის სანქციებს დააწესებს.

პეკინის მთავრობასთან დაახლოებული კერი ლამის გადადგომას ჰონგ-კონგელები წელიწადზე მეტია, ექსტრადიციის კანონპროეტის გაწვევის მიუხედავად ითხოვენ. ჰონგ-კონგელები წელიწადზე მეტია ჩინეთის წნეხისგან გათავისუფლებას და მეტ თავისუფლებას ითხოვენ. მილიონობით ჰონგ-კონგელმა არაერთხელ გამართეს ამ მოთხოვნებით საპროტესტო აქცია, რაც პოლიციამ ძალადობრივად არაერთხელ დაარბია. ჰონგ-კონგის პროემოკრატიული მოძრაობის საპასუხოდ პეკინმა ეროვნული უსაფრთხოების კანონი აამოქმედა, რაც ქალაქის ავტონომიის ფაქტობრივ დასრულებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიურის წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომელთა თანახმადაც, ამერიკულ კომპანიებს 45 დღეში მოუწევთ ყოველგვარი ბიზნეს კავშირი გაწყვიტონ ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულ TikTok-სა და WeChat-თან. 

---------------

ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინმა ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისი გახსნა, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ჰყავს. ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნის უფლება ექნება და იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.
 

კანონების საფუძველზე ჰონგ-კონგის პოლიციას უფლებები გაეზარდა, მათ შორის, შეეძლებათ რეიდები და თვალთვალი ორდერის გარეშე ჩაატარონ. ცვლილებების საფუძველზე პოლიციას ეხსნება ზედამხედველობის სისტემის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე მათ ქცევას აკონტროლებდა. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ ეროვნული მნიშვნელობის გადაუდებელი საფრთხე არსებობს, მათ შეუძლიათ, ორდერის გარეშე ჩაატარონ ჩხრეკა, ამოიღონ ინფორმაცია ონლაინპლატფორმებიდან, აწარმოონ თვალთვალი და ა. შ.

პოლიციას შეეძლება, ონლაინ მედიაკომპანიებს უბრძანოს მისთვის ინფორმაციის გადაცემა, ამოიღოს მათი ტექნიკა, დააჯარიმოს ან დააკავოს მათი თანამშრომლები უარის შემთხვევაში. კომპანიებს ასევე მოუწევთ, პოლიციასთან ითანამშრომლონ პირების იდენტიფიკაციისა და შიფრის მოხსნის თვალსაზრისითაც. ამის გამო სოციალური მედიის კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ ჰონგ-კონგის პოლიციასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ზოგი მათგანი ჰონგ-კონგიდან მთლიანად გადის.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში - ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

კომენტარები