ჰონგ-კონგი

აშშ ჰონგ-კონგის ლიდერს, ჩინელ მაღალჩინოსნებს სანქციებს დაუწესებს - Bloomberg

კერი ლამი
Al Jazeera

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინელ მაღალჩინოსნებს და მათ მოკავშირეებს, მათ შორის, ჰონგ-კონგის ლიდერს კერი ლამს, ჰონგ-კონგში თავისუფლების შეზღუდვისთვის სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ამ საქმეში გათვითცნობიერებულ სამ ანონიმურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ორი მათგანი ამბობს, რომ ეს ზომა მიზანში ამოიღებს კომუნისტური პარტიის ოფიციალურ პირებს. თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი კომენტარს არ აკეთებს. 

გასული ორი თვის განმავლობაში ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უშიშროების კანონის წარდგენის შემდეგ ტრამპი ჩინეთს ემუქრება, რომ ჰონგ-კონგის თავისუფლების შეზღუდვისთვის სანქციებს დააწესებს. 

გასულ თვეს კერი ლამმა სანქციების შესაძლო დაწესებაზე თქვა, რომ მას აშშ-ში აქტივები არ აქვს და აშშ-სი წასვლა არ უყვარს - "თუ ისინი ვიზას არ მომცემენ, უბრალოდ არ წავალ იქ".

პეკინის მთავრობასთან დაახლოებული კერი ლამის გადადგომას ჰონგ-კონგელები წელიწადზე მეტია, ექსტრადიციის კანონპროეტის გაწვევის მიუხედავად ითხოვენ. ჰონგ-კონგელები წელიწადზე მეტია ჩინეთის წნეხისგან გათავისუფლებას და მეტ თავისუფლებას ითხოვენ. მილიონობით ჰონგ-კონგელმა არაერთხელ გამართეს ამ მოთხოვნებით საპროტესტო აქცია, რაც პოლიციამ ძალადობრივად არაერთხელ დაარბია. ჰონგ-კონგის პროემოკრატიული მოძრაობის საპასუხოდ პეკინმა ეროვნული უსაფრთხოების კანონი აამოქმედა, რაც ქალაქის ავტონომიის ფაქტობრივ დასრულებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიურის წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომელთა თანახმადაც, ამერიკულ კომპანიებს 45 დღეში მოუწევთ ყოველგვარი ბიზნეს კავშირი გაწყვიტონ ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულ TikTok-სა და WeChat-თან.

---------------

ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინმა ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისი გახსნა, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ჰყავს. ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნის უფლება ექნება და იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.
 

კანონების საფუძველზე ჰონგ-კონგის პოლიციას უფლებები გაეზარდა, მათ შორის, შეეძლებათ რეიდები და თვალთვალი ორდერის გარეშე ჩაატარონ. ცვლილებების საფუძველზე პოლიციას ეხსნება ზედამხედველობის სისტემის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე მათ ქცევას აკონტროლებდა. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ ეროვნული მნიშვნელობის გადაუდებელი საფრთხე არსებობს, მათ შეუძლიათ, ორდერის გარეშე ჩაატარონ ჩხრეკა, ამოიღონ ინფორმაცია ონლაინპლატფორმებიდან, აწარმოონ თვალთვალი და ა. შ.

პოლიციას შეეძლება, ონლაინ მედიაკომპანიებს უბრძანოს მისთვის ინფორმაციის გადაცემა, ამოიღოს მათი ტექნიკა, დააჯარიმოს ან დააკავოს მათი თანამშრომლები უარის შემთხვევაში. კომპანიებს ასევე მოუწევთ, პოლიციასთან ითანამშრომლონ პირების იდენტიფიკაციისა და შიფრის მოხსნის თვალსაზრისითაც. ამის გამო სოციალური მედიის კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ ჰონგ-კონგის პოლიციასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ზოგი მათგანი ჰონგ-კონგიდან მთლიანად გადის.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში - ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

კომენტარები