დავით ზალკალიანი

ზალკალიანი აშშ-ს თავდაცვის აქტზე: უაღრესად პოზიტიური დეფინიციები და შეფასებებია

საქართველოს მთავრობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ჟურნალისტებმა აშშ-ს თავდაცვის აქტში შესულ, ახალ პუნქტებზე დაუსვეს შეკითხვა, რაზეც მან გაიმეორა გასულ თვეს გაკეთებული შეფასება, რომ დოკუმენტი, რომელშიც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შეფასება არის მოთხოვნილი, უაღრესად პოზიტიურია:

"რატომ კითხულობთ დღეს ამას, როდესაც 21 ივლისს ამის შესახებ გავაკეთე განცხადება. ამ დოკუმენტის შესახებ 21 ივლისს ვისაუბრე მედიასთან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ცალკე ქვეთავს საქართველოსთან მიმართებით. არის უაღრესად პოზიტიური დეფინიციები და პოზიტიური შეფასებები. კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერილი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, მხარდაჭერილი არის არაღიარების პოლიტიკა, ხაზი აქვს გასმული რუსეთის აგრესიული ქმედების შეკავებას, საუბარია საქართველოსთვის თავდაცვითი შესაძლებლობებში დახმარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე". – თქვა მან.

ივლისში ზალკალიანმა მართლაც თქვა, რომ აქტით აშშ-მ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მიმართ განუხრელი მხარდაჭერა ყოველგვარი პირობითობის გარეშე და "ოპონენტებმა" უშედეგოდ სცადეს, წარმოეჩინათ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის კონტექსტში".

5 აგვისტოს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა აქტის ვრცელი ტექსტი, რომელშიც ჩაემატა პუნქტები, რომლებიც განსაზღვრავს, რა ვადებში უნდა განიხილოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და წარუდგინოს კონგრესს ანგარიში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. მასში ნათქვამია, რომ აქტის მიღებიდან, არაუმეტეს, 180 დღის ვადაში სახელმწიფო მდივანმა უნდა წარმოუდგინოს კონგრესის კომიტეტებს ანგარიში საქართველოში დემოკრატიის განვითარების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის უფლებების დაცვის და სხვა საკითხებზე. ზალკალიანის პასუხი ამაზე ისაა, რომ საუბარი მხოლოდ საქართველოზე არ არის:

"იმ კონტექსტში, სადაც არის საუბარი, რომ სახელმწიფო მდივანმა თავდაცვის მდივანთან ერთად 180 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს, კონგრესს წარუდგინოს ანგარიში, იქ საუბარია არა მხოლოდ საქართველოზე, საუბარია ასევე უკრაინაზე, საუბარია ბოსნია-ჰერცოგოვინაზე, მოლდოვაზე, საუბარია იმაზე, რომ ამ ანგარიშში აუცილებლად უნდა იყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ არსებული სიტუაცია, მათი სტატუსი, უნდა იყოს საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში გარდაცვლილ ადამიანთა შესახებ, რა პირობებში მოხდა ეს. ასევე საუბარი უნდა იყოს არსებულ უსაფრთხოების სიტუაციაზე, ასევე ამ 180 დღის ანგარიშში უნდა იყოს ხაზგასმა და გამოყოფილი ამ კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით რა სახის ეკონომიკურ დახმარებას უწევს აშშ და ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და კერძოდ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში დახმარებაზე."

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე კონგრესი უკვე განიხილავს საგარეო დახმარების აქტს, რომელიც ასევე სახელმწიფო მდივნის ანგარიშს მოითხოვს ზემოთხსენებულ საკითხებზე, რათა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა საქართველოს ამ დახმარების ნაწილი, რომელიც ანგარიშამდე შეჩერებული იქნება. ეს აქტი წარმომადგენელთა პალატამ უკვე მიიღო, მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აქტის მიღებაზე საუბრისას იცრუა, რომ კანონპროექტიდან ამოიღეს ორი პუნქტი, რომელიც მედიის თავისუფლებას და პარტიებს ეხებოდა.

ზალკალიანის თქმით, კონგრესის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისაგან მსგავსი ანგარიშის მოთხოვნა ბუნებრივია და გასაკვირი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს თავდაცვის აქტში საქართველოს შესახებ მსგავსი ჩანაწერი პირველად გაჩნდა:

"ბუნებრივია, საუბარი არის ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და კანონის უზენაესობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე კორუფციასთან ბრძოლაზე. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რადგანაც ეს არის თანხა, რომელსაც აშშ, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ხარჯავს კონკრეტულად ამ ქვეყნებთან მიმართებით და სახელმწიფო დეპარტამენტი, ისევე როგორც თავდაცვის დეპარტამენტი, რომელიც არის პასუხისმგებელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში არის ვალდებული წარმოუდგინოს ანგარიში კონგრესს. ამის შესახებ კონგრესმენმა კინზინგერმაც გააკეთა განცხადება, ზუსტად ამ აქტზე და წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ოპონენტები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს რაღაც სანქციებზე არის საუბარი. არამც და არამც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. თქვენ იხილეთ, რომ ეს დოკუმენტი ასევე გავიდა ყოველგვარი შესწორების გარეშე სენატის ვერსიაში, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, უნდა მოხდეს მისი შეჯერება და შემდგომ უკვე როდესაც მოხდება მისი მიღება სენატში და კონგრესში, და მას შემდეგ, რაც მას აშშ-ს პრეზიდენტი მოაწერს ხელს გახდება უკვე საკანონმდებლო აქტი". – თქვა მან.

მართლაც, წარმომადგენელთა პალატაში შესულ ახალ პუნქტებს ახლა კვლავ სენატი განიხილავს. კონგრესმენმა კინზინგერმა კი წარსულში არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას სრულად შეესრულებინათ 8 მარტის შეთანხმება. საგარეო დახმარების აქტზე კი მან აღნიშნა, რომ ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა უნდა იცოდნენ რა მიზნით იხარჯება მათი ფული, შესაბამისად, დახმარება მაშინ შეჩერდება, თუ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იტყვის, რომ ქვეყანაში ცუდი პროცესები მიმდინარეობს.

კომენტარები