დავით ზალკალიანი

ზალკალიანი: საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად ხედავს, ვინ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას

საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტაბულას კითხვის პასუხად თქვა, რომ "საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად ხედავს, აფასებს ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთახნმებას".

დავით ზალკალიანის თქმით, ამას ადასტურებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და ელჩის, ევროპარლამენტარებისა და ფასილიტატორი ელჩების განცხადებები.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო პირველ ივლისს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმა, თუმცა პარლამენტს მოუწოდა, შეასრულოს ეუთოსა და ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

"ძალიან კარგად დავინახეთ ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც, რომ ქართული ოცნება და მისი პოლიტიკური გუნდი იყო ერთგული ამ გადაწყვეტილების და ეს კენჭისყრებშიც გამოიხატა". - ამბობს დავით ზალკალიანი.

საგარეო საქმეთა მინისტრი გამოემხაურა ამერიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის წერილსაც, სადაც ლაპარაკია საქართველოს მთავრობისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე.

ზალკალიანის თქმით, "მარკ მალენი და კიდევ ერთი-ორი გამონაკლისი შეიძლება იყოს".

"მათ აქვთ თავიანთი სუბიექტური მოსაზრებები, გარკვეული პოლიტიკური სიმპატიებიც, რომელიც შეიძლება ლობისტური ორგანიზაციის საქმიანობიდან იყოს გამოწვეული, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის უმაღლესი უპრეცედენტო შეფასება". - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მიუხედავად "სკეპტიკური დამოკიდებულებისა, პოლიტიკური სიმპატიებისა ლობისტურ ორგანიზაციებთან", მთავრობა გააგრძელებს მასთან მუშაობას.

"დარწმუნებული ვარ, რომ ისიც ადრე თუ გვიან დადგება იმ პოზიციაზე, რაზეც დგას მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობა". - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

1 ივლისს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ შეთანხმების სრულად შეთანხმებას ელის.

29 ივნისს, საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებების მიღების შემდეგ განცხადება გაავრცელეს ფასილიტატორმა საელჩოებმა, სადაც აღნიშნეს, რომ 8 მარტის შესრულების შეთანხმება კვლავ გადამწყვეტია, პარლამენტს კი ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე მუშაობისკენ მოუწოდეს.

კომენტარები