თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ხვალ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ

რადიო თავისუფლება / Screengrab

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ხვალ, 12 საათზე გენერალურ პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ.

ისინი, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურებიან.

დაახლოებით ერთი საათის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოარკვია. უწყების ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე Facebook-ის "დახმარების განყოფილებაში" მოძებნა ინფორმაცია, თუ რა მოსდის Facebook-ის გვერდს, თუ მფლობელი გარდაიცვლება. მათივე ცნობით, ამის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილმა Google-ის საძიებო სისტემაში მოიძია ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გაუქმდეს ფეისკბუკის ანგარიში სიკვდილის შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ ბაჩალიშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა.

---

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ გუშინ, 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები