თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რამიშვილი: გარკვეული პირების ჩვენებებს გავეცანით, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა

რადიო თავისუფლება / Screengrab

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვლადიმერ ბოცვაძეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მამუკა ჭელიძეს, შეხვდნენ.

ადვოკატის და ბაჩალიაშვილის დედის ცნობით, ისინი საქმეზე დაკითხული პირების ჩვენებებს გაეცნენ. როგორც ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, ჟუნრალისტებთან საუბარში ამბობს, წაკითხულმა ჩვენებებმა, საქმესთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა და ვერსიები დაბადა.

"გარკვეული პირების, რომლებიც დაიკითხნენ, მათ ჩვენებებს გავეცანით, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა, რაღაც ვერსიებმა იმატა. მაგალითებზე ვერ ვილაპარაკებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე". – ამბობს რამიშვილი.

მისივე განმარტებით, სატელეფონო ზარები ჯერჯერობით მოსული არაა, თუმცა დრონის მასალა არსებობს, მოსულიცაა, მაგრამ მოცულობით ძალიან დიდია, – "ახლა უნდა გადმოვიწეროთ, შემდეგ დიდ ეკრანზე უნდა დეტალურად გავეცნოთ, რადგან კომპიუტერში შეუძლებელია..."

ბაჩალიაშვილის ადვოკატის ცნობით, საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვასთან დაკავშირებით ოფიციალური მოთხოვნა საგამოძიებო უწყებების მხრიდან გაგზავნილია.

"უკვე მიდის ის პროცესი, რომ უნდა ვიცოდეთ, რაში იქნება თანამშრომლობა, რაში მიიღებს მონაწილეობას ფედერალური ბიურო, რა არეალზე იქნება მათი მონაწილეობა. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეს, ამ შემთხვევაში ჩვენ, გვაქვს მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული შესაძლებლობა, როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე ყველა კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული". – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ გუშინ, 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები