აშშ-ტაივანი

აშშ-ს ჯანმრთელობის მდივანი ტაივანს ეწვევა

ალექს აზარი
twitter.com/SecAzar

აშშ-ს ჯანმრთელობის მდივანი, ალექს აზარი, მომავალ დღეებში ტაივანს ეწვევა - ეს ოთხი ათწლეულის განმავლობაში უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი იქნება. ამ ნაბიჯმა პეკინის აღშფოთება უკვე გამოიწვია, რადგან ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად თვლის.

ვიზიტის ფარგლებში აზარი ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინგ-ვენს, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯოზეფ ვუს შეხვდება.

"ტაივანი არის გამჭვირვალობის და ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს და ბევრად უფრო ადრეც გლობალურ ჯანდაცვაში თანამშრომლობის მოდელი. მე მოუთმენლად ველი, გადავცე პრეზიდენტი ტრამპის მხარდაჭერა ტაივანის ჯანდაცვის გლობალური ხელმძღვანელობისადმი და ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს საერთო რწმენას, რომ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებები საუკეთესო მოდელია ჯანმრთელობის დაცვისა და განვითარებისათვის," - ვკითხულობთ აზარის განცხადებაში.

აზარის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს ვიზიტი ისტორიულია. აზართან ერთად იქნებიან აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამედიცინო ოფიციალური პირი, მიშელ ვოლფი და ადმინისტრაციის სხვა წევრები.

ტაივანის ჯანდაცვის მინისტრი, ჩენ ში-ჩუნგი, მოუთმენლად ელის ამერიკის დელეგაციის ვიზიტს:

"ეს ასევე ძალიან აძლიერებს ჩვენ გლობალურ სტატუსს საერთაშორისო ჯანდაცვაში. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია".

პეკინი ტაივანსა და აშშ-ს შორის ნებისმიერ ოფიციალურ ურთიერთობას გმობს.

"ტაივანი ყველაზე მგრძნობიარე თემაა ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებში," - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს სპიკერმა, ვანგ ვენპინმა

ტაივანი მსოფლიოში ახალი კორონავირუსის მართვაში ერთ-ერთი ლიდერია. ტაივანმა დეკემბრის ბოლოს გააფრთხილა ჯანმო ახალი ვირუსის ჰაერწვეთოვანი გადადების საფრთხეზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, ტაივანს ჯანმოში ჩინეთის წნეხის გამო არ იღებენ (ვრცლად იხილეთ ტაბულას სტატიაში - როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად?). აშშ-მ და სხვა თანამოაზრე ქვეყნებმა მაისში ჯანმო-ში მხარი დაუჭირეს, რომ ის ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეას დასწრებოდა, მაგრამ ჯანმო ისევ უარზე იყო. 

პეკინი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და გამოცხადებული აქვს, რომ ერთ დღეს ნებით თუ ძალით კუნძულს დაიბრუნებს. ტაივანთან სულ 14 ქვეყანას და ვატიკანს აქვთ დამყარებული ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები. 

აშშ-სა და ტაივანს 1979 წლის შემდეგ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ, თუმცა იგი ტაივანის უდიდესი მოკავშირე და სამხედრო შეიარაღების ყველაზე დიდი მიმწოდებელია. მარტში ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც აშშ-ს ტაივანის საერთაშორისო როლისთვის მეტი თანადგომა მოეთხოვება.

კომენტარები