თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

"დახმარების იმედი მოგვცეს" - ბაჩალიაშვილები საქართველოში აშშ-ს ელჩის წარმომადგენელს შეხვდნენ

ტაბულა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები დღეს, 4 აგვისტოს, საქართველოში აშშ-ს ელჩის წარმომადგენელს შეხვდნენ. ისინი აქციას ამერიკის საელჩოსთან მართავდნენ. ოჯახის მთავარი მოთხოვნა, თავიანთი შვილის სიკვდილის გამოძიებაში FBI-ს ჩართვაა. 

როგორც გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, ელჩის წარმომადგენელმა საქმის მოკლე დროში გახსნასთან დაკავშირებით დახმარების იმედი მისცა. 

"გულთან ახლოს მიიტანეს, მოვუყევით ყველაფერი დეტალურად რაც ხდება და ძაან წუხდნენ, რომ ესეთი რაღაც დაგვემართა. იმედი მოგვცეს, რომ დაგვეხმარებიან, რომ ეს საქმე მალე გაიხსნას". - ამბობს ბაჩალიაშვილი. 

მისივე თქმით, თუ საქართველოს პროკურატურა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას დათანხმდება, ამერიკის საელჩო მათ მხარდაჭერას გამოუცხადებს. ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ, თუ პროკურატურა აღნიშნულზე უარს იტყვის "თავს დაიღუპავს და დაამტკიცებს, რომ თავად არის დამნაშავე". 

ოჯახის კიდევ ერთი მოთხოვნა იყო პრემიერმინისტრ გახარიასთან შეხვედრა, მაგრამ, როგორც ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ამბობს, მისგან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. 

"არანაირი კომუნიკაცია, სრული იგნორი და ფეხზე დაკიდება პრემიერისგან". - ამბობს თამაზაშვილი. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები