თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ-ს საელჩოსთან ხვალ აქციას გამართავს

ფორმულა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ხვალ ოჯახი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას გამართავს. 

"17 დღეა, არაფერი ვიცი ჩემი შვილის შესახებ. ამიტომ მე იძულებული ვარ, მოვითხოვო FBI-ს ჩართვა. ხვალ 12 საათზე ვგეგმავ ფართომაშტაბიან აქციას ამერიკის საელჩოს წინ. მივმართავ მთელ საქართველოს, ვინც მწერდა და მისამძიმრებდა, დადგა ის მომენტი, როცა თქვენ შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება, რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით, ქუდზე კაცი თუ გამოვა, მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ ჩემი შვილი მოკლეს და თავი არ მოუკლავს. მივმართავ შვილმკვდარ დედებს და მათაც, ვისაც შვილები კარგად გყავთ და გინდათ, რომ კარგად გყავდეთ, გევედრებით, გეჩოქებით, დამიდექით გვერდში. მივმართოთ, რომ FBI იყოს ჩართული".- თქვა ბაჩალიაშვილის დედამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. 

მისივე თქმით, თუ პროკურატურა FBI-ს ჩართულობაზე უარს იტყვის, "ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი თავიანთ თავს გაყიდიან, რადგან თვითონ ვერ იძიებენ ამ საქმეს და FBI-ს ჩართულობა თუ არ უნდათ, ე.ი მაგათი ხელი ურევია". 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები