Nord Stream 2

პოლონეთმა გაზპრომი 57 მილიონით დააჯარიმა

Maxim Shemetov / Reuters

პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველომ რუსული კომპანია გაზპრომი 57 მილიონი დოლარით დააჯარიმა

ჯარიმის მიზეზი ისაა, რომ გაზპრომი უარს ამბობს, პოლონეთის მიერ დაწყებულ გამოძიებას მიაწოდოს მონაცემები კონტრაქტის შესახებ, რომელიც Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს შორის დაიდო. 

პოლონეთის ანტიმონოპოლიური უწყება გაზპრომის გარდა კიდევ 5 კომპანიის: Engie-ს, Uniper-ის, OMV-ს, Shell-ის, Wintershall Dea-ს საქმიანობასაც იძიებს. 

2019 წელს 40 მილიონით დაჯარიმდა ფრანგული კომპანია Engie, რომელმაც დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვა. 

პოლონეთში ფიქრობენ, რომ გაზსადენი, რომელიც გააორმაგებს რუსული გაზის ექსპორტს ბალტიის ზღვის გავლით, ბუნებრივი აირის უდიდესი მწარმოებლის,  გაზპრომის დომინირებას კიდევ უფრო გაზრდის და ის ევროპისათვის საფრთხეს წარმოადგენს. 

გაზპრომი პოლონეთის გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებია. 

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2021 წლის სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც ორი რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის და Turkstream-ის საწინააღმდეგო სანქციებსაც მოიცავს

ახალი სანქციების ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში მაისში მოხდა. პროექტის ავტორები არიან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი სენატორი, ტედ კრუზი. 

ახალი პროექტი ყველა იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირის სანქცირებას გულისხმობს, რომლებიც მილსადენის გაყვანის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე იმ სადაზღვევო კომპანიებისა, რომლებიც მშენებლობაში მონაწილე გემებს დააზღვევენ. სანქციების პროექტი ითვალისწინებს იმ კომპანიების სანქცირებასაც, რომლებიც გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში შესაბამის სერტიფიკატს გასცემენ.

ახალი სანქციების ასამოქმედებლად პროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ხელმოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნება და მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, მაგრამ ამას აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა ხელი. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

2020 წლის იანვარში გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვების დაუხმარებლადაც დაასრულებს პროექტს, თუმცა ამისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდება. 

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებს. 

გაზსადენის პროექტი ითვალისწინებს ორი ხაზის მშენებლობას, რომლებიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

კომენტარები