ჭავჭავაძის გამზირი

მერია ამბობს, რომ ჭავჭავაძეზე მოძრაობასთან შეჩვევას ერთი-ორი კვირა დასჭირდება

ტაბულა

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობასთან შეჩვევას ერთ-ორი კვირა დასჭირდება. თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე ამტკიცებს, რომ ყველა ტიპის ტრანსპორტს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. 

"ეს არის პირველი დღე, როდესაც ჭავჭავაძის გამზირმა ახალი სქემით დაიწყო ფუნქციონირება. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არსებითად შეიცვალა მოძრაობის სქემები, ყველა ტიპის ტრანსპორტს სჭირდება ადაპტაციისთვის გარკვეული დრო. ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი, ორი, სამი დღე, შეიძლება ერთი კვირაც, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, რაც დღეს ჩვენ მივიღეთ, რასაც დღეს ვხედავთ, ამ სქემის შეფასება ნამდვილად არ შეიძლება, იმიტომ, რომ ამას მართლაც სჭირდება დრო. 

ჭავჭავაძის გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა, მოქალაქეების რაოდენობა რომ ავიღოთ საათში, 8 000-ზე მეტის გატარება შეუძლია.

[...] მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ამასთან შეჩვევას შესაძლოა, გარკვეული დრო - რამდენიმე დღე ან ერთი-ორი კვირაც დასჭირდეს. ამიტომ შეფასებები დღეს არ უნდა გავაკეთოთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორედ იმ პოლიტიკის ჭრილში, რომელიც ყველას სჯერა, რომ სწორია და მივდივართ მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით. აქედან გამომდინარე, მე ვერც პანიკის და ვერც კრიტიკის საფუძველს ვხედავ", - ამბობს ხმალაძე.   

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირი არის "ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ქუჩას ჰქონდეს მაღალი გამტარიანობა, ნაკლები საცობი გვქონდეს მთლიანად ქალაქში და ნაკლებად დავაბინძუროთ ჰაერი."

ილია ჭავჭავაძის გამზირზე პირველი აგვისტოდან ავტობუსებმა და სამარშუტო ტაქსებმა ახლად გამოყოფილ, სპეციალურ ზოლებში განახლებული სქემით დაიწყეს მოძრაობა. მე-2 და მე-3 ზოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ამ ზოლებში მხოლოდ ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები ივლიან.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად სხვა ავტომობილები პირველ და მეოთხე ზოლში ძველებური მიმართულებით მოძრაობენ. 

კომენტარები