გიორგი რურუა

ზურაბიშვილი გიორგი რურუაზე: ამ პიროვნებას არ შევიწყალებ

"მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის თანამფლობელ გიორგი რურუაზე.  

ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს პრეზიდენტი კვლავ დამნაშავეებს უწოდებს და ამბობს, რომ მათი შეწყალების გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

"ეს ადამიანები [უგულავა და ოქრუაშვილი] მათი პრეტენზიის მიუხედავად, იყვნენ არა პოლიტკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები. შევიწყალე, როგორც ჩვევა არის, დამნაშავეები. არც მაშინ და არც ახლა ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან. თუმცა ეს ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე ქვეყნის ინტერესებიდან, სტაბილურობიდან გამომდინარე. ჩავთვალე მე პირადად, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნიდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის რეფორმას - ანუ იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ, არც ქვეყნის წარმატება.

დღეს მე ამას არ გვაიმეორებ. მე ჩემ წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ - მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას. 

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატისაკენ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. 

სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყალებისკენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ. მას შემდეგ, რაც სასამართლომ რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ისინი განაჩენს გამოეხმაურნენ. სენატორი რიში წერს, რომ რჩება "ძალზედ შეშფოთებული" და, მისივე სიტყვებით, რურუა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს. განაჩენს ეხმაურება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც. კუბილიუსი წერს, რომ პომპეოს გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოში სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა კი ზურაბიშვილს მოუწოდებს, გამოიყენოს უფლებამოსილება, როგორც სხვა შემთხვევებში. 

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილი იყო. მაგრამ, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი არც ერთხელ არ შეუცვალა. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები