ბელარუსი

ბელარუსში ოპოზიციის მიტინგს 60 000 ადამიანი შეუერთდა

EPA

ბელარუსში ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ორგანიზებულ მიტინგს ათიათასობით ადამიანი შეუერთდა. ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ჯგუფის, VIasna-ს ინფორმაციით დემონსტრაციაში 60 000 კაცი მონაწილეობდა. მომიტინგეები მინსკის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. საინფორმაციო სააგენტო AFP-ს შეფასებით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ბელარუსში ეს ყველაზე ხალხმრავალი აქციაა. 

მომიტინგეები პრეზიდენტ ლუკაშენკოს ავტორიტარულ მმართველობას აპროტესტებენ. ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტია 1994 წლიდან და წელს მეექვსე ვადით იყრის კენჭს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია ახალი ოპოზიციონერი ლიდერია. მან საპრეზიდენტო კანდიდატურა მას შემდეგ წამოაყენა, რაც მისი ქმარი ბლოგერი და საპრეზიდენტო კანდიდატი სერგეი ტიხანოვსკი დააპატიმრეს. სერგეი ტიხანოვსკი რუს დაქირავებულ მებრძოლებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. 

ბელარუსის ოფიციალური მედიის, ბელტას მიერ გავრცელებული ინფორმაციით 29 ივლისს ბელარუსის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის 32 ბოევიკი დააპატიმრეს. ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით ქვეყანაში 200-მდე ბოევიკი საპრეზიდენტო არჩევნების წინ გარემოს დესტაბილიზაციისთვის შეგზავნეს.

უკანასკნელ პერიოდში ბელარუსში გაიზარდა ზეწოლა ოპოზიციაზე. სერგეი ტიხანოვსკის გარდა დააპატიმრეს ვიქტორ ბაბარიკოც. მოგვიანებით ბაბარიკოს და კიდევ ერთ ოპოციზიონერ საპრეზიდენტო კანდიდატს ვალერი ცეპკალოს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. დაპატიმრების საფრთხის გამო ცეპკალომ შვილებთან ერთად ბელარუსი დატოვა.

უკანასკნელ თვეებში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციებზე ასობით დემონსტრანტი დააპატიმრეს.

კომენტარები