გიორგი რურუა

ოპოზიცია: ყალბი მტკიცებულებებით რურუას პატიმრობა წინასაარჩევნო კლიმატს განსაზღვრავს

ოპოზიციურმა პარტიებმა გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯის საპასუხოდ საერთო განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში პარტიები წერენ, რომ რურუასთვის პატიმრობის მისჯა პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა და აქედან გამოდის, რომ მას 8 მარტის შეთანხმება ჯერჯერობით არ აქვს შესრულებული.

"გიორგი რურუას საქმე მხოლოდ ამ ადამიანის პერსონალურ ბედს არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ერთი ადამიანის პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრება უკვე სერიოზული პრობლემაა. ყალბი მტკიცებულებებით რურუას საპატიმროში დატოვება წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს. გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის. ასე ხედავენ ამას როგორც საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.

სამართლიანი, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნა საქართველოს უახლესი ისტორიის მთავარი გამოწვევაა. დემოკრატიული ოპოზიციის მიზანი ივანიშვილის არჩევნებში მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ სწორედ ასეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება". - წერია განცხდებაში.

საერთო განცადებას ხელს აწერენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები:

  • ევროპული საქართველო
  • ლეიბორისტული პარტია
  • გამარჯვებული საქართველო
  • ევროპული დემოკრატები
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის
  • ემსახურე საქართველოს
  • რესპუბლიკური პარტია
  • კანონი და სამართალი სამოქალაქო 
  • ალიანსი თავისუფლებისათვის
  • ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
  • ახალი საქართველო
  • თავისუფალი დემოკრატები
  • სამართლიანობისთვის
  • ქრისტიან კონსერვატიული პარტია
  • საქართველო ლიდერებს შორის
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ლელო
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი.

----

30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის ერთ-ერთი თანამფლობელი, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. თუმცა, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა არცერთხელ არ შეუცვალა გირაოთი. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებას იმავე დღეს გამოეხმაურა სენატორი ჯიმ რიში. მან სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ძალიან შეშფოთებულია. საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი კი წერს, რომ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება.

კომენტარები