არჩევნები 2020

დეგნანი: მნიშვნელოვანია, ხალხი არჩევნებზე დაშინებისა და სხვა დაბრკოლების გარეშე მივიდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი არჩევნებზე თავისუფლად, დაშინების თუ სხვა დაბრკოლებების გარეშე მივიდეს და ენდოს იმ შედეგს, რაც დადგება.

"რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნები ძალიან დიდ ინტერესსა და ყურადღებას იწვევს. ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, აჩვენოს ერთგულება დემოკრატიული პროცესებისადმი. თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები, ამომრჩევლის მოსყიდვისგან თავისუფალი, ამომრჩეველზე ზეწოლისგან თავისუფალი, არის საუკეთესო გზა, რომ საქართველომ აჩვენოს თავისი დემოკრატიული პროგრესი.

მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები და განხორციელდა საარჩევნო რეფორმა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობამ არ ასახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტებს გვქონდა, ეს იყო მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ახლა მნიშვნელოვანია, არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობა პრაქტიკაში დაწვრილებით იყოს აღსრულებული იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად, დაშინებისა თუ სხვა დაბრკოლების გარეშე მივიდეს არჩევნებზე და იმ შედეგებს ენდობოდეს, რაც დადგება.

მნიშვნელოვანია ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლება, მათი განათლება, როგორ მისცენ ხმა უსაფრთხოდ კორონავირუსის დროს, რა არის მათი უფლებები". – თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ინტერპრესნიუსის ცნობით.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო გარემოს შეფასებისას მიუთითებდნენ, რომ გამოვლინდა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსი, ნეგატიური კამპანია, ხისტი რიტორიკა. იყო ძალადობრივი ინციდენტები.

2020 წლს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები