აშშ-ვენესუელა

აშშ-მ მადუროს მთავრობის ორ ყოფილ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

მაიკ პომპეო
AP

 

28 ივლისს აშშ-მ, ნიკოლას მადუროს მთავრობის, ორ ყოფილ მაღალჩინოსანს კორუფციის ბრალდებით სანქციები დაუწესა. სანქციებით მათ აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ სანქცირებულთაგან ერთერთი ლუის მოტაა, რომელიც გასულ წელს ელექტროენერგიის მინისტრობის თანამდებობიდან ქრთამის აღების გამო გაათავისუფლეს. 

პომპეო მოტას და ელექტროენერგიის სამინისტროში ყოფილ ვიცე ფინანსთა მინისტრს, ესტიკუიო ხოსე ლუგო გომესს გამდიდრებაში და სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ადანაშაულებს. 

სანქცირებულებთან ერთად ამერიკაში შესვლაზე აკრძალვა მათი ოჯახის წევრებზეც ვრცელდება . 

აღნიშნულ ორ მაღალჩინოსანს აშშ-მ სანქციები გასულ წელსაც დაუწესა, როდესაც ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება აუკრძალა და აშშ-ში არსებული ყველა აქტივი გაუყინა. 

პომპეოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ვენესუელაში კორუფციასთან ბრძოლის მხარდაჭერას განამტკიცებს.

"აშშ აგრძელებს, პრეზიდენტ ხუან გუაიდოს დემოკრატიულად არჩეული ეროვნული ასამბლეის, ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერას კორუფციის წინააღმდეგ და დემოკრატიული და ეკონომიკური სტაბილურობის მშვიდობიანად აღდგენისთვის ბრძოლაში მხარდაჭერას." – წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.

ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს უნდა დაეკავებინა. 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა, ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ. მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათმა დიდმა ნაწილმა თავი კოლუმბიას შეაფარა.

კომენტარები