აშშ-საქართველო

ზალკალიანი: კიდევ ერთხელ მივიღეთ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

მარშალპრესი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბრით "კიდევ ერთხელ დადასტურდა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი ნიშნული და მისი შემდგომი გაღრმავების მზაობა". მისი თქმით, "ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და უმაღლეს დონეზე გაესვა ხაზი ორივე მხარის მზაობას თანამშრომლობის გასაძლიერებლად ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით კი თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში".

"აღნიშნული საუბრით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მაღალი დონის მხარდაჭერა და ჩართულობა საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ, მათ შორის პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, გააგრძელოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად მიმართული ქმედებები და უზრუნველყოს პლურალისტული, დემოკრატიული საარჩევნო გარემო. სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს". – წერს ზალკალიანი Facebook-ზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით 27 ივლისს ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ  ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის. ასევე, პომპეომ გახარია სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

კომენტარები