პოლონეთი

პოლონეთი ქალთა წინააღმდეგ ძალადობაზე ევროპის საბჭოს კონვენციას დატოვებს

AFP

პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა, ზბიგნევ ზიობრომ თქვა, რომ ქვეყანა დატოვებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის მიზანიც ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრაა. მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენცია ქვეყანას გენდერის თაობაზე საკამათო იდეოლოგიას ახვევს თავს.

"ხელშეკრულება იდეოლოგიურ ელემენტებს შეიცავს, რომლებიც საზიანოდ მიგვაჩნია". – თქვა მან.

გადაწყვეტილება პოლონეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ვარშავაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.

პოლონეთმა სტამბოლის კონვენციას, რომელიც ქალთა წინააღმდეგ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ პრობლემების აღმოფხვრას ემსახურება, 2015 წელს მოაწერა ხელი, როდესაც ხელისუფლებაში ცენტრისტული პარტია სამოქალაქო პლატფორმა იყო. მას შემდეგ ახალმა მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ხელშეკრულებას დატოვებდა. მათ მიაჩნიათ, რომ კონვენცია მშობლების უფლებებს არღვევს და სკოლებში გენდერული იდეოლოგიის სწავლებას მოითხოვს, რაც პოლონური ტრადიციების წინააღმდეგ მიდის.

სტამბოლის კონვეცნია ქმნის ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის ლეგალურ ჩარჩოს მსხვერპლთა დასაცავად და დამნაშავეთა გასასამართლებლად. მასში გაწერილია გენდერის დეფინიცია და ქალთა მიმართ ძალადობის სახეები, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობა, ადევნება, თვალთვალი, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, იძულებითი ქორწინება, სასქესო ორგანოების დამახინჯება, იძულებითი აბორტი და სტერილიზაცია.

გენდერი კი განსაზღვრულია ამგვარად: "სოციალურად კონსტრუქტირებული როლები, ქცევები, აქტივობები და ატრიბუტები, რომლებსაც მოცემული საზოგადოება განსაზღვრას ქალისა და კაცისათვის შესაფერისად".

კონვენცია ძალაში 2014 წლის პირველ აგვისტოს შევიდა. მას 45-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, მათ შორის საქართველომაც.

კომენტარები