არჩევნები 2020

აბესაძე: ევროპული საქართველო საპარლამენტო სიისთვის შიდაპარტიულ კონკურენციას გამოიყენებს

რუსთავი2

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ირაკლი აბესაძის თქმით, პარტია 2020 წლის საარჩევნო სიის დასაკომპლექტებლად 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების მსგავს შიდაპარტიული კონკურენციის წესს გამოიყენებს.

"ევროპული საქართველო საბოლოო საპარლამენტო სიის დაკომპლექტებისთვის კვლავ გამოიყენებს შიდაპარტიული კონკურენციის ძალიან გამჭვირვალე წესებს, სადაც როგორც მოქმედი პოლიტიკოსები, ისე ახალი სახეები გაინაწილებენ საარჩევნო ოლქებს და კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მიღებული შედეგიდან გამომდინარე, ისინი მიიღებენ პარლამენტში მანდატს". – ამბობს ირაკლი აბესაძე.

ევროპული საქართველოს დეპუტატის თანახმად, სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო დანარჩენი ადგილები შიდა კონკურენციის წესების შესაბამისად განაწილდება.

ევროპულ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოძრავი საარჩევნო სია ექნება. მსგავსი მოდელი პარტიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, საკრებულოს სიების დაკომპლექტებისთვის უკვე გამოიყენა.

ევროპული საქართველო გეგმავს, საარჩევნო ოლქები თავის წევრებზე გაანაწილოს. პარტიულ სიაში პოლიტიკოსების მიმდევრობა პირობითი იქნება და დალაგდება იმის მიხედვით, თუ ვის ექნება ყველაზე კარგი შედეგი თავის ოლქში.

კომენტარები