კონტრაბანდა

უგულავა: კონტრაბანდისთვის დაკავება "ოცნების" ხელში სისტემური დეგრადაციის მაგალითია

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის კონტრაბანდისთვის დაკავებას სისტემურ პრობლემას უკავშირებს, რაც, მისი თქმით, ქართული ოცნების მმართველობის შედეგია.

"უკვე მერვე წელია ოცნება, ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, სიგარეტზე აქციზს უკიდეგანოდ ზრდის. შედეგად, მწეველთა რაოდენობა არ შემცირებულა. მხოლოდ უფრო დაბალი ხარისხის სიგარეტზე გადავიდნენ მწეველები, ანუ ჯანმრთელობისთვის უფრო საშიში გახდა მოწევა. სამაგიეროდ, მოგების მარჟა იმდენად გაიზარდა, რომ კონტრაბანდამ იმატა. გაივსო სამეგრელო კონტრაბანდული სიგარეტით. უკვე აღმოსავლეთის ბაზრებზეც მოიწევს. დღეს წალენჯიხის ოცნების საკრებულოს თავმჯდომარე კონტრაბანდისთვის დააკავეს. ეს უკვე კატასტროფაა.

ამასთანავე, მთელმა სამეგრელომ იცის, რომ "კრიმინალს გახარია ალაგებს" და კონტრაბანდული ფულიც მშვიდად ოცნების ყულაბაში ჩხრიალებს. მეისრეების დასჯა არაა საკმარისი. ივანიშვილ-გახარიას ოცნება უნდა მოშორდეს და აქციზიც ადეკვატური გახდეს, რომ კონტრაბანდას აზრი დაეკარგოს. ეს ამბავი ერთი მაგალითია ოცნების ხელში სისტემური დეგრადაციის. მალე ყველაფერი შეიცვლება". – წერს უგულავა ფეისბუქზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე, თემურ ღვინჯილია უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისთვის დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულია ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელიც.

"ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება". – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

კომენტარები