ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კონტრაბანდისა და უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი ყაზბეგის გავლით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, სატვირთო მანქანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, თამბაქოს ნაწარმი და სხვა საქონელი, რომელიც შემდგომი ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მიზნით, მათ მფლობელობაში არსებულ მანქანაში დაცალეს, რა დროსაც მოხდა მათი მხილება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული საქონლის ჯამური ღირებულება 230 000 ლარს აღემატება". - წერია განცხადებაში.
დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.