თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

​ექსპერტი: გვამური პროცესების გამო ბაჩალიაშვილის სხეულზე ტრავმების აღმოჩენა შეუძლებელია

მთავარი არხი

დამოუკიდებელი ექსპერტის, ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, "შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო", 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ზედაპირული ტრავმული დაზიანებები აღმოჩენა შეუძლებელია. 

ცხედრის პირველადი დათვალიერების შემდეგ, ექსპერტებმა და ოჯახის ადვოკატმა ბრიფინგი გამართეს. 

როგორც ჯიშკარიანი ამბობს, გარდაცვლილს ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნება.

"რენტგენოსკოპიური და შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლენილა. ცეცხლსასროლი და სხვა სახის ჭრილობები არ იქნა ნანახი. გამოვლინდა შორს წასული, მოგვიანებითი გვამური მოვლენები. სხეულის ზედაპირული დაზიანებები, სისხლნაჟღენთები და ტრავმული დაზიანების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი იყო მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო. წინასწარი მონაცემებით სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღეა. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები".- ამბობს ექსპერტი. 

მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალის სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად და კვლევების ჩასატარებლად ნიმუშები აღებულია.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს. 

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს გარდაცვლილის მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

23ივლისს, ბაჩალიაშვილის საქმეზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ქალის ცხედარს "პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აქვს. მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე". მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა აფთიაქში მედიკამენტები იყიდა. ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს, არის თუ არა აფთიაქში ნაყიდი წამლები გარდაცვლილის მანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტების იდენტური.

 

კომენტარები