თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტად გალინა კარმუშინა ჩაერთვება

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტად გალინა კარმუშინა ჩაერთვება. ამის შესახებ TV პირველის ეთერში ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა ილაპარაკა.

"ჩვენ მოგვმართა ადვოკატმა ბატონმა მიხეილ რამიშვილმა და ცენტრი ემპათია ჩაერთვება. ამ ეტაპზე გვქონდა კომუნიკაცია გამომძიებელთან და გავაგზავნეთ ჩვენი ექსპერტი, ქალბატონი გალინა კარმუშინა ჩაერთვება. შემდგომში ადვოკატთან და ოჯახთან ერთად იქნება დასახული შემდგომი სტრატეგია. შესაძლებელია, რომ ჩაერთოს კიდევ უფრო მეტი ექსპერტი, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვიქნები.

ამ ეტაპზე სხვა განმარტებების გაკეთება არაფერზე არ შეგვიძლია... ვვარაუდობ, რომ ალბათ საჭირო იქნება კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის ჩატარება და შესაძლებელია, მოვითხოვოთ სისხლის სამართლის მასალები". – ამბობს ჯიშკარიანი ტვ პირველთან.

გალინა კარმუშინა ერთერთი ექსპერტია, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების თარიღი ეჭვქვეშ დააყენა. მისი მტკიცებით, შაქარაშვილი ორი დღის განმავლობაში მძიმე  მდგომარეობაში, თუმცა, ცოცხალი იყო. მან მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ ცხედრის პირველადი დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თარიღს, რომელიც ექსპერტიზამ გარდაცვალების დროდ დაწერა. კარმუშინა და კიდევ ერთი ექსპერტი დასკვნის იმ ნაწილზე დაყრდნობით ამბობდნენ, სადაც ეწერა, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა "გვამური გაშეშება". მათი თქმით, 4 დღის გარდაცვლილი ადამიანის კუნთები უკვე მოდუნებული უნდა ყოფილიყო. 

20 ივლისს ამის პასუხად, საქმის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ ოქმში აღნიშნული ფრაზა "გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში" მექანიკური შეცდომა იყო. 

22 ივლისს კი, განცხადება გაავრცელა სამხარულის ექსპერტიზის ბიურომაც და შეცდომა უარყო.

კომენტარები