კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში ნორილსკის მერი მთავრობის მიერ Covid-19-ზე ინფორმაციის დამალვაზე საუბრის შემდეგ გადადგა

რინატ ახმეტჩინი

რუსეთის ქალაქ ნორილსკის მერი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მთავრობის მიერ კორონავირუსით დაავადებულთა რეალური რაოდენობის დამალვაზე ისაუბრა.

რინატ ახმეტჩინმა, გასულ კვირას, კრასნოიარსკის ჯანდაცვის რეგიონულ სამინისტროს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. წერილში ის ასევე საუბრობდა საავადმყოფოებში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაზე, რის გამოც პაციენტებს მოსაცდელში ლოდინი საათობით უწევდათ.

ახმეტჩინის ინფორმაციით, ნორილსკში კორონავირუსით 832 ადამიანი დაავადდა, თუმცა ოფიციალური რიცხვი 293-ია. მოგვიანებით, ჯანდაცვის რეგიონულ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტესტირების შედეგად ქალაქში ვირუსით დაავადების 436 შემთხვევა დადასტურდა.

"მე არ მიცრუია და არასდროს მსურდა მეცრუა. ყველა ინფორმაცია, რაც გავეცი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით არის მოპოვებული". – თქვა მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას.

ნორილსკის მერის წინააღმდეგ ამჟამად საქმეა აღძრული ნავთობის დაღვრის გამო. მას 6 თვემდე პატიმრობა ემუქრება.

პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ ირწმუნება, რომ რუსეთში სიტუაცია გაუმჯობესდა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპულ ქვეყნებზე დაბალია.

მიუხედავად ამისა, კრასნოიარსკის რეგიონში კარანტინი 9 აგვისტომდე გაახანგრძლივეს. ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში ვირუსი 11 528 ადამიანს დაუდასტურდა და 260 გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ახალი კორნავირუსი სულ 777 486 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 12 427.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით დაავადებულთა რეალური რიცხვის დამალვაში წარსულშიც დაადანაშაულეს. რუსეთის ჯანდაცვის დეპარტამენტში აღიარეს, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახებოდა, რადგან მათ სხვა დაავადებებიც ჰქონდათ.

კომენტარები