არჩევნები 2020

ჯაფარიძე ქართული ოცნების კანდიდატებზე: გაცვეთილი დაპირებები და ძველი სახეები

ბადრი ჯაფარიძე

პარტია ლელო საქართველოსთვის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს, 20 ივლისს ქართული ოცნების მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის 30 კანდიდატის წარდგენის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ჯაფარიძის თქმით, ქართული ოცნება მხოლოდ ქვეყნის რეგრესის ავტორია, მათი კანდიდატთა შერჩევის ძირითადი პრინციპი კი მხოლოდ პარტიის თავმჯდომარის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებაა.

"სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა და მმართველ ძალას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის რესურსი არ გააჩნია. ჩვენ დღეს ვნახეთ ძველი რიტორიკა და საზოგადოების თვალში დისკრედიტირებული სახეები. მოვისმინეთ გაცვეთილი დაპირებები. ქართული ოცნების დღევანდელი პრეზენტაცია კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს ძალა ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ ძალას არავითარი რესურსი აღარ აქვს ქვეყნის სამართავად.

ქართულ ოცნებას არ აქვს და, შესაბამისად, ვერც საუბრობს საკუთარ მიღწევებზე. ამიტომ მიმართავს მათ მიერ უკვე აპრობირებულ ტაქტიკას, რომელიც აღარ გაჭრის. ფაქტია, ვერაფერს ახალს ვერ ამბობენ თავიანთი მმართველობის პერიოდზე და ისევ და ისევ საუბრობენ იმ პერიოდზე, რომელიც 8 წლის წინ წარსულს ჩაბარდა. ეს ხელისუფლება არის ქვეყნის რეგრესის ავტორი, რომელმაც ქვეყნისთვის ვერაფერი სასარგებლო ვერ გააკეთა. ოცნებამ ამოწურა არა მხოლოდ იდეების რესურსი, არამედ ადამიანების რესურსიც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტისთვის წარსადგენ კადრებზე, პირველი მახასიათებელი უნდა იყოს მათი გამოცდილება, ცოდნა, კომპეტენცია, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ოცნების კანდიდატთა შერჩევის ძირითადი პრინციპი არის პარტიის თავმჯდომარის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება". – აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.

კომენტარები