გიორგი შაქარაშვილის საქმე

"პირველი ჩხუბისას პოლიციაში დარეკვა არ მიფიქრია" – რას ყვება ანა გაბეჩავა

ანა გაბეჩავა
ფორმულა

ანა გაბეჩავამ, რომლის 18 წლის დაბადების დღის აღსანიშნავ საღამოზეც დაიწყო კონფლიქტი, რასაც გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ფორმულას ეთერში, გადაცემაში შაბათის ფორმულა ვრცლად გაიხსენა 18 ივნისი და ის, თუ როგორ დაიწყო პირველი კონფლიქტი. 

როგორც ანა გაბეჩავა ტელეკომპანიას უყვება, თავდაპირველად კონფლიქტი მხოლოდ სიტყვიერი იყო და მუსიკის შეცვლას ეხებოდა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა და მერე ორივე მხარე, საბურთალოელებიც და ნახალოვკელებიც ერთად სვამდნენ და ერთობოდნენ. როგორც  იუბილარი ყვება, მაშინ ჩათვალა, რომ კონფლიქტი ამოწურული იყო.

მოგვიანებით კი ჩხუბის ხმა გაიგონა და აღმოაჩინა, რომ ნაქირავები აგარაკისგან ოდნავ მოშორებით საბურთალოელებსა და ნახალოვკელებს შორის ხელჩართული ჩხუბი იყო. ანა გაბეჩავას თქმით, პოლიციაში დარეკვა არ უფიქრია, რადგან ჩათვალა, რომ მისგან, როგორც იუბილარისგან, თავისი მეგობრების სამართალდამცველებისთის გადაცემა "არ გამოდიოდა". 

ანა გაბეჩავას მონათხრობს სრულად გთავაზობთ: 

"ერთი თვით ადრე დავიწყე მზადება, დავიწყე იმ ადამიანების დაპატიჟებაც, ვინც ჩემთვის ახლობელი იყო. რა თქმა უნდა, ყველა ერთმანეთს არ იცნობდა, მარტო ჩემს დაბადების დღეზე არა მგონია, ეგეთი სიტუაცია რომ ყოფილიყო. 

დაპატიჟებული იყო გიორგი შაქარაშვილი, ვიცოდი, რომ მოდიოდა, მაგრამ მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონია არასოდეს, არ ვიცნობდი კარგად. 3-4-ჯერ მყავდა ნანახი. არც მიმოწერა არ მქონია არასდროს. სიას რომ ვადგენდით, ვინ უნდა წამოსულიყო, ერთ-ერთმა ჩემმა დაქალმა მითხრა, რომ მოდი დავპატიჟოთ გიორგი და გური ამირხანაშვილიო და მეთქი, დავპატიჟოთ და არანაირი პრობლემა არ მქონია. სულ უცნობი ადამიანი არ ყოფილა ჩემთვის, ვიცნობდი. 

როგორც იცით, როგორც მერე დაყვეს, იყო ორი ჯგუფი, ნახალოვკელები და საბურთალოელები. მე თვითონ ნახალოვკელი ვარ და ჩემი უბნელები და ჩემი კლასელები იყვნენ, თავიდანვე მათთან ერთად ავედი იმ სახლში დილით. ბოლოს მოვიდნენ უკვე საბურთალოელები და თავიდანვე დაიძაბა სიტუაცია DJ-ის ამბავზე. მსუბუქი შელაპარაკება იყო, მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა. DJ კოკო დაქირავებული არ ყოფილა, ჩემი მეგობარია, ჩვეულებრივად მოვიდა, უბრალოდ, თავისი აპარატურა აქვს, უკეთესი, ვიდრე იქ, სახლში დაგვხვდა. როდესაც მიქსავდა, ერთ-ერთმა უთხრა, რომ DJ რაღაც სიმღერა ჩართეო, თუ შეცვალეო, თუ რაღაც ეგეთი. არ მიმიქცევია დიდი ყურადღება ამისთვის. არც ვიცოდი ეს. მერე გავიგე, რომ ამაზე რაღაც შელაპარაკება იყო. შემდეგ კონფლიქტი განიმუხტა, მეც მიკვირდა, რომ რაღაც კარგად შევიდნენ ურთიერთობაში, სვამდნენ, ერთობოდნენ, როგორც ხდება. უშუალოდ ჩხუბის მიზეზი ბოლოს რა იყო, არ ვიცი. დღემდე ვერ ვხვდები, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო, რომ ასეთ დონემდე მივიდა ეს ყველაფერი. 

მაგ პირველი დაპირისპირების კადრებში მე საერთოდ არ ვჩანვარ იმიტომ, რომ სახლში ვიყავი. სახლში რომ რამე მომხდარიყო, მაშინ მეცოდინებოდა, რატომ იკამათეს და ა.შ. მეც ჩავერეოდი და შეიძლება, ასეთ დონემდე არ მისულიყო, მაგრამ მე უკვე ვიგებ გვიან, როცა უკვე ჩხუბზე გადავიდნენ და ერთმანეთი სცემეს, მაგ დროს გავიგე, რომ რაღაც ხდებოდა. როდესაც გამოვედი, უკვე ნაცემები იყვნენ. ნახალოვკელები იყვნენ ნაცემები. ვინც მახსოვს, მე იქ ორი პიროვნება დავინახე, რომ ვახო ჩიქოვანი და ხეჩოშვილი იყვნენ ნაცემები და მერე ვიგებ, რომ თურმე, ცუცქირიძეც უცემიათ, მუმლაძე, ბარბაქაძეც, ყველა ნაცემი იყო. საბურთალოელების მხრიდან არავინ ყოფილა ნაცემი. 

სახლის ეზოში ეს ყველაფერი არ მომხდარა ნამდვილად, ცოტა იქით მოხდა. როცა გამოვედი, იმ მომენტში მივედი, ხეჩოშვილს რომ კიბიდან აგდებენ. მერე ისევ იყო იქ შელაპარაკება, კამათობდნენ, დაახლოებით, ნახევარი საათი, უკვე ქვემოთ. არანაირ კონფლიქტში არ მონაწილეობდა გიორგი, მეგონა, რომ ასე იყო, უბრალოდ, გაირკვა, რომ აშველებდა და ეს არც ვიცოდი, რომ მაგ მომენტში იქ იყო. 

ვინც არ მყავდა დაპატიჟებული, ვახო ჩიქოვანი და მასთან ერთად მოსული სამი ადამიანი იყო, რომლებსაც არ ვიცნობდი. ბოლოს მოვიდნენ. ალბათ, უთხრა რომელიმე ჩემმა კლასელმა, ამოდიო. არ ვიცი, ჩხუბში თუ მონაწილეობდა ის სამი ბიჭი, კადრებშიც არ დამინახავს, მაგრამ მგონი, ერთ-ერთი დაიჭირეს. ჩიქოვანი ძალიან ნაცემი იყო, თავი ჰქონდა გახეთქილი. 

პირველი ჩხუბის შემდეგ გავაგდე ყველა, ორივე მხარე. იმ დონემდე იყვნენ მისულები, რომ რომელიმე მხარე რომ დამეტოვებინა, შიგნით შემეყვანა და დამემშვიდებინა, ეგეთი რაღაც უკვე ვეღარ მოხერხდებოდა იმიტომ, რომ ... ნახევარ საათში ყველა წასულები იყვნენ, ეს ნახალოვკელებიც და საბურთალოელებიც. შემდეგ უკვე სახლში შევბრუნდით იმ ნაქირავებ აგარაკზე და რაღაც ნაწილი დარჩა ჩემთან ერთად, უმეტესად გოგოები, მაგრამ ეს სამი ბიჭიც იყო - ბრეგვაძე, ამირახანაშვილი და შაქარაშვილი. იაკობი საერთოდ ოთახიდანაც კი არ გამოსულა, მართლა არაფერი არ დაუნახავს, მგონი. არც გაშველებაში მიუღია მონაწილეობა. ვიცოდი, რომ არც შაქარაშვილს მიუღია ჩხუბში მონაწილეობა და არც ამირხანაშვილს, ამიტომ დარჩნენ. 

მერე ხდება ასეთი რამ, რომ საბურთალოელების ნაწილი დაბრუნდა უკან და შემომთავაზეს, რომ 12 საათის მერე, როცა დაბადების დღეს შევხვდებოდით, ავსულიყავით ლისზე, გაგვეგრძელებინა იქ, რადგან აქ ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი, რომ თითქოს ვეღარ გავაგრძელებდით. 

საბოლოოდ დავთანხმდი ამას და 12 საათის მერე უკვე წავედით ლისზე. გიორგი, ამირხანაშვილი და ბრეგვაძეც ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყვნენ. 12 საათს რომ შევხვდით სახლში, დაახლოებით 1-ლის 3 წუთზე უკვე მანქანაში ვისხედით გარკვეული ნაწილი. საბურთალოელებთან ერთად ვიჯექი მე და კიდევ იყო ორი მანქანა, სადაც გადანაწილდნენ სხვები. ბოლოს გაირკვა, რომ ეს 6 ადამიანი თურმე ვერ ჩაეტია ტრანსპორტში [ისინი, ვისაც გიორგი შაქარაშვილთან ერთად დაესხნენ თავს]. ტაქსით უნდა წამოსულიყვნენ და ფეხით აპირებდნენ ასვლას ავტობანზე, რომ გაეჩერებინათ ტაქსი. 

ლისზე წაქაძე ირაკლის აგარაკზე ავდიოდით და როცა ავედით, დაახლოებით, 10-15 წუთში ერთ-ერთ ჩვენგანს დაურეკა ვახო ახვლედიანმა და უთხრა, რომ რაღაც ჩხუბი მოხდაო, გვცემესო და მოგვაკითხესო და წავედით მერე. მაგრამ მე დავრჩი. ეს ორი მანქანა რომ უნდა წასულიყო, გზაში შემხვდნენ და მე მაგათთან ერთად დავრჩი და ეს საბურთალოელები წავიდნენ. რაღაცებს ვარკვევდით, ვიცოდით, რომ რაღაც ჩხუბი მოხდა და ვცდილობდი, რომ დავკავშირებოდი ან ჩემს კლასელებს ან ვინმეს, ვისთანაც შევძლებდი. ვერავის დავუკავშირდი. ვწერდი კიდეც ბავშვებს, რომ იქნებ, ვინმე შემხმიანებოდა, მაგრამ არავინ არ მომწერა. 

ამ პერიოდში ჯერ არ ვიცით, რომ გიორგის ტელეფონი არ აქვს და სახლში არ მისულა. რა თქმა უნდა, ვარკვევდით, თუ რა მოხდა, ვინ იჩხუბა, რატომ იჩხუბა, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე. 

იქ რომ გაჩერებულები ვიყავით, გამოდიოდა, რომ წასასვლელი აღარსად გვქონდა. ლისზეც ვერ ავიდოდით, იმ სახლშიც ვეღარ გავბრუნდებოდით და ჩემმა ნათესავებმა, ადეიშვილებმა შემომთავაზეს, რომ ავსულიყავით მათთან სახლში, თემქაზე. დედამისი იყო მხოლოდ სახლში და არავინ ხელს არ შეგვიშლიდა, ვისაუბროთო, იქ მოვაგვაროთ ეს სიტუაცია, ასე გარეთ ხო არ ვიდგებოდით და დავთანხმდით და წავედით ყველა. როდესაც მივდიოდით, გზაში შეგვხვდა იაკობი შემთხვევით, გაირკვა, რომ ლისზე აპირებდა ჩვენთან ამოსვლას, ხომ იცოდა, რომ იქ უნდა ავსულიყავით და ჩავისვით მანქანაში. ავტოსტოპით მიდიოდა. 

ასეთი რაღაც მოგვიყვა, რომ მანქანა გაჩერდაო და გადმოცვივდნენ და მე გავიქეცი, დავიმალე, დავურეკე 112-ს და მომაკითხეს, ცოტა დააგვიანდათ და მერე თბილისში ჩამიყვანესო. მეტი არანაირი ინფორმაცია არ ვიცოდით ჩვენ იმ ღამეს. 

პირველი ჩხუბისას შეიძლება, რაღაც ისეთი მომენტი ყოფილიყო, რომ დალიეს და ნასვამები იყვნენ, გულში ჩაიდეს ალბათ [DJ-ის ეპიზოდი], აგრესია იყო ერთმანეთის მიმართ აშკარად და მერე დალევის შემდეგ გაახსენდათ, ალბათ, და მაგაზე დაიწყეს. მე მართლა არ მქონია [პოლიციაში დარეკვის მცდელობა], გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა ისეთია ჩემი მხრიდან, ჩემს დაბადების დღეზე ჩემს მეგობრებს პოლიცია გამოვუძახო და წაიყვანონ... რაღაც ისეთი იყო, რომ ჩემგან არ გამოდიოდა. და არც მიფიქრია იმიტომ, რომ არ მეგონა, თუ ასე გაგრძელდებოდა ყველაფერი. რომ მეფიქრა, აუცილებლად დავრეკავდი. 

არა მგონია, რომ ეს დაბადების დღის ბრალი ყოფილიყო. ნაქირავები სახლის ბრალიც არ ყოფილა. ეს უბრალოდ ჩვენი ბრალია, ალბათ, ადამიანების". 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები