ევროპული საქართველო

კანდელაკი: ზალკალიანი ამბობს, მე ტესტებით "ვიგულავებ" და თქვენ კარანტინში ჩაგაყუდებთო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც მის მიერ ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინის არ გავლას ეხებოდა, შეურაცხმყოფელია. 

"ბატონ ზალკალიანს ამდენი ხალხი, ვინც გამწვანებული ქვეყნებიდან ვერ ბრუნდება ან საკუთარ საქმეებზე ვერ მიდის, სულელი ჰგონია, მართლა შეურაცხმყოფელია მისი განცხადება. ის გვეუბნება, რომ მე ტესტებით "ვიგულავებ" და თქვენ ჩაგაყუდებთ კარანტინში". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

დეპუტატის თქმით, ევროპული საქართველო იმას კი არ ამბობს, რომ დავით ზალკალიანი ორკვირიან კარანტინში უნდა იყოს, არამედ იმას, რომ ის პრივილეგიით არ უნდა სარგებლობდეს და საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც უნდა შეეძლოთ ტესტის გაკეთება, ნაცვლად 14-დღიანი კარანტინისა. 

"ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ მინისტრი კარანტინში უნდა იჯდეს, არ უნდა იჯდეს, მაგრამ, თუკი მინისტრს აქვს პრივილეგია, რომ გაუმწვანებელი ქვეყნიდან შემოვიდეს ტესტში, მაშინ რა დააშავა ძალიან ბევრმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, ვინც გამწვანებული ქვეყნიდან ვერ ჩამოდის ან საკუთარ საქმეებზე ვერ მიდის იმიტომ, რომ მთავრობას უნდა, რომ ისინი ჩააყუდოს კარანტინში, მაშინ, როდესაც ამ გამწვანებული ქვეყნების მოქალაქეებს არაფერს ვთხოვთ.

ამდენმა ხალხმა რა დააშავა და რატომ არის გამონაკლისი დავით ზალკალიანისთვის, ვინ არის საერთოდ დავით ზალკალიანი". – თქვა გიორგი კანდელაკმა. 

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 8 ივლისიდან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, უპირობოდ ხსნის საზღვრებს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის: გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის.

ამ ხუთი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს საქართველოში კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ.

საზღვრები იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. როგორც ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, საქართველოს მოქალაქეებს ასევე 8 ივლისიდან შეუძლიათ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა იქიდან დაბრუნებულებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა დასჭირდებათ. კარანტინის გავლა მათ ევროკავშირის ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგაც მოუწევთ.

16 ივლისს გიორგი კანდელაკმა მთავრობას კითხვით მიმართა, გაივლიდა თუ არა ორკვირიან სავალდებულო კარანტინს დავით ზალკალიანი მას შემდეგ, რაც ბელგიიდან საქართველოში დაბრუნდა, ვინაიდან ბელგია საქართველოს მწვანე ქვეყნების სიაშიც კი არ ჰყავს შეყვანილი. 

"მინდა, დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ და გაეცნოთ" - ასე გამოეხმაურა 17 ივლისს დავით ზალკალიანი კარანტინში არ წასვლის ფაქტს.

მინისტრმა საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილება მოიშველია, რომლის მიხედვითაც, სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

კომენტარები