ტურიზმი

თურნავა: ტურისტული ინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი მიესალმება ჩვენს სიფრთხილეს

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მტკიცებით, ტურისტული ინდუსტრიის "ბევრი წარმომადგენელი" ეთანხმება მთავრობის სიფრთხილეს საზღვრების გახსნასა და რეგულაური ფრენების აღდგენის გადადებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ თურნავამ TV იმედის ეთერში ილაპარაკა.

"სხვათაშორის, ძალიან საღად უყურებს ტურისტული ინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი... ჩვენ სულ გვაქვს მათთან შეხვედრები, ორი დღის წინაც გვქონდა სასტუმროებთან შეხვედრები, ხედავენ ამას, მიესალმებიან ჩვენს სიფრთხილეს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ნეგატიური შედეგი მოჰყვება ახლა რომელიმე კურორტზე რომ აფეთქდეს უცებ კორონავირუსის პანდემიის კერა, ეს იქნება მომაკვდინებელი ტურიზმისთვის. ამიტომ, თვითონაც მზად არიან, მიიღონ მონაწილეობა ამ სიფრთხილის კამპანიაში" - ამბობს თურნავა, რომლის აზრითაც, "მცდარია შეხედულება, რომ საზღვრების მასობრივი გახსნა მოაგვარებს ტურიზმის პრობლემას, ეს არის ილუზია".

ეკონომიკის მინისტრმა TV იმედის ეთერში ასევე თქვა, რომ სახელმწიფოს სავალდებულო კარანტინისთვის "6 000-მდე ოთახი აქვს შენარჩუნებული, 100-მდე სასტუმრო დაკონტრაქტებული მთელი საქართველოს მასშტაბით".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა. ამის მიუხედავად, მთავრობამ რეგულარული ფრენების აკრძალვა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. შესაბამისად, ღია საზღვრებით სარგებლობა ჯერჯერობით შეუძლებელია, როგორც საქართველოს, ასევე, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

საქართველოს მთავრობა უპირობოდ საზღვარს მხოლოდ ევროკავშირის ხუთ ქვეყანას უხსნის. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ მთავრობა საქართველოში რეგულარული ფრენების შესრულების უფლებას აგვისტოდან მხოლოდ სამ ავიაკომპანიას - Lufthansa (თბილისი-მიუნხენი, კვირაში ორჯერ), Airfrance (თბილისი-პარიზი, კვირაში ორჯერ) და Air Baltic (თბილისი-რიგა, კვირაში ერთხელ) აძლევს. ასევე, შესრულდება აირზენას კომერციული რეისები. ამ ეტაპზე ფრენებს ვერ იწყებენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები - Wizz Air და Ryanair-ი, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ავიაკომპანიების და რეისების შეზღუდული რაოდენობა მაღალბიუჯეტიანი კომპანიების ავიაბილეთების ისედაც მაღალ ფასს კიდევ უფრო გააძვირებს.

ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა საჰაერო სივრცის გახსნისა და 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის მოხსნის მოწოდებით აქცია მთავრობის კანცელარიასთან რამდენჯერმე გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მთავრობა საზღვრებს არ გახსნის, ტურისტული სფეროს წარმომადგენლების გარდა, კიდევ მრავალი სექტორი დარჩება უმუშევრად.

უფრო ვრცლად ტურისტულ სექტორში შექმნილ პრობლემებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები