გიგა ბოკერია

ბოკერია: Edison Research-ის გამოკითხვა ადასტურებს, რომ მაჟორიტარებზე შეჯერება სწორი იყო

ტაბულა

პარტია ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში Edison Research-ის გამოკითხვაზე ილაპარაკა და თქვა, რომ შედეგებით დასტურდება, რომ მაჟორიტარების შესახებ ოპოზიციური პარტიების შეთანხმება სწორი იყო:

"ამ ვითარებაშიც კი, ერთი-ერთზე ქართული ოცნების კანდიდატები 40%-საც კი ვერ სცდებიან. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმას, რომ ევროპული საქართველოს ინიციატივა, შეჯერება მომხდარიყო თბილისში მაჟორიტარების შესახებ, სწორი ინიციატივა იყო და მე ვიტყოდი, რომ ერთადერთი გზა არის. ჩვენ ვთვლით, რომ რეგიონებშიც არის რამდენიმე რეგიონი, სადაც ღირს ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმისთვისაც კი, რომ პირველ და მეორე ტურებს შორის რისკები შევამციროთ ქვეყნისათვის, ივანიშვილის მარცხთან შეგუების თვალსაზრისით. ეს სწორი სტრატეგია იყო მხოლოდ ელენეს მაგალითზე კი არა, რომელიც აშკარად ლიდერობს და გაიმარჯვებს, იმ მაგალითებზე დაყრდნობითაც, სადაც შეიძლება მონაცემი ასე კარგად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ ის, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთან ვერ სცდება 40%-ს ერთი-ერთზეც კი. ეს არის პირდაპირი გზა წარმატებისთვის. გადაუწყვეტელი ამომრჩევლები კამპანიის შედეგად ყველა ვარიანტში გაერთიანდებიან იმ შეჯერებული კანდიდატის გარშემო."

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "ვის მისცემდით ხმას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს" გამოკითხულთა 46% ევროპული საქართველოს წევრს, ოპოზიციის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას ასახელებს.

31% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა, 4% კი ამბობს, რომ სხვა კანდიდატს. პასუხზე უარი გამოკითხულთა 19%-მა თქვა.

კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 2 000 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 16% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5% ევროპულ საქართველოს. დანარჩენი შედეგები კი შემდეგნაირად ნაწილედება:

ლეიბორისტული პარტია 3%, ლელო - 3%, ახალი საქართველოსთვის - 3%, პატრიოტთა ალიანსი - 3%, გირჩი - 2%, მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის (ნინო ბურჯანაძე) - 1%, გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%, სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%, თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%.

გამოკითხულთა 20%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.

კომენტარები