მსოფლიო საპატრიარქო

მსოფლიო პატრიარქმა თურქეთში ქართული სამრევლო შექმნა და მღვდლად ქართველი აკურთხა

დიაკონ ირაკლი ჯინჯოლავას მღვდლადკურთხევა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ დიაკონ ირაკლი ჯინჯოლავას მღვდლად დაასხა ხელი და ქართული სათვისტომოს მოძღვრად განაწესა.

მამა ირაკლი ჯინჯოლავა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მსახურებდა. მთავარეპისკოპოსმა ზენონმა მას "განტევების წერილი" მისცა, რაც საეკლესიო იურისდიქციის შეცვლას გულისხმობს. 

გთავაზობთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და მამა ირაკლი ჯინჯოლავას სიტყვებს, რომლებიც მათ ხელდასხმის წესის აღსრულებისას წარმოთქვეს.


(ედირნეკაპის წმინდა გიორგის ტაძარი, 12 ივლისი, 2020 წ.)

დიაკონო, ღირსო და და საყვარელო!


მოწიწებითა და სიხარულით აღვასრულებთ დღეს, ადრიანუპოლის კარიბჭის (ედირნეკაპი) წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარში შენს ხელთდასმას. შენი სახით, ქართული სათვისტომო ჩვენი ქალაქისა, მუდმივ მღვდელმსახურს იძენს, თავის ხორცსა ხორცთაგანს და მის ცხოვრებაში ჭეშმარიტად ახალი ხანა დგება.

დიდია კურთხევა და პრივილეგიაა თავად შენთვისაც, დღეიდან მსოფლიო საპატრიარქოს კლიროსს ეკუთვნოდე, რომელიც გახლავთ მამათა, წმინდათა და მოწამეთა გარდამოცემის ერთგული დამცველი, დამმარხველი მართლმადიდებლური ღმრთისმოყვარეობისა და კაცთმოყვარებისა!

მსოფლიო საპატრიარქოს მისიაა, ემსახუროს აქაურ მართლმადიდებელთ განურჩევლად ეროვნებისა, ენისა და კულტურული იდენტობისა. ეს ყოველ ეროვნებაზე აღმატებული როლი და მოწოდება დიადი ეკლესიისა, მოიცავს მრავალ შესაძლებლობას თანამედროვე, პლურალისტულ საზოგადოებაში სამოძღვრო საქმიანობისა და კეთილი მოწმობისა!

და შენც, შენი სამღვდელო და სამოძღვრო საქმიანობით მძაფრად შეიგრძნობ და განიცდი ამ განსხვავებებს და განსხვავებულთა თანაცხოვრებასაც! მოწოდებული ხარ, შენსა და შენი სამღვდელო სვინიდისის, თვითშეგნებისადმი საკმაოდ მომთხოვნ გარემოში მოწმობდე; მოთხოვნა ბევრია, მაგრამ, მოთხოვნებთან ერთად, შენ გეძლევა მრავალი შესაძლებლობაც მოყვასის მსახურებისა. ცხადია, შეხვდები ადამიანებს, რომლებიც ეკლესიას არ ეკუთვნიან, მაგრამ ღვთისმოშიშნი არიან და ღირსშესანიშნაობებს, სალოცავებსა და ჩვენს ტრადიციებს სცემენ პატივს. ქრისტიანული სარწმუნოება, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ფასეულობათა გადაფასების მხრივ, უდიდესი გადატრიალებაა, ყოველ ადამიანში საღმრთო წარმომავლობას ხედავს და მას საუკუნო პერსპექტივაში განიხილავს, ყოველი ადამიანის პატივისცემას მოითხოვს. ეს პატივისცემა გამომდინარეობს ჩვენი სარწმუნოების ცენტრიდან და გულისგულიდან და ჯერ-არს თან ერთვოდეს მუშაკობას, მოსაგრეობასა და ბრძოლას ჩვენი ქრისტიანული იდენტობის დასაცავად.

მღვდელი საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არამედ ქრისტესა და მოძმეთ:


„რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მათ. 16. 24.) მართლაცდა, მღვდლისთვის პირადი ცხოვრება არ არსებობს ამ სიტყვის ინდივიდუალისტური გაგებით, არამედ, მისი პირადი სიღრმე განუწყვეტლივ ცხადდება და განხორციელდება სხვებთან – ღმერთსა და მოყვასთან კავშირში. მღვდლის საქმე – ეს გახლავთ დადება სულისა, რომელი არა ეძიებს სიყვარულსა თავისასა (1 კორ. 13, 5). მღვდელს უხმს, თავისი პიროვნებითა და ცხოვრების წესით გამოთქვას და განახორციელოს ეკლესიის მსახურებითი ხასიათი, ძმათა მცირეთაგანთა სახეში მმსახურებელმა ქრისტეს მიმართ („რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. მათ. 25, 31-46), მიმმადლებელმა მათდამი შეწევნისა, მარადის მომხსენებელმა ჭეშმარიტებისა და ადამიანის საუკუნო დანიშნულებისა. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება (2016 წ.) ეკლესიის მსახურებას სამყაროში ასე აღწერს:


“ეკლესია საკუთარი თავისთვის არ ცხოვრობს, არამედ მთლიანად კაცობრიობას უძღვნის თავს, აღამაღლებს და განაახლებს ქვეყნიერებას ახალ ცად და ახალ მიწად (აპოკ. 21, 1), გადასცემს სახარებისეულ უწყებას და სამყაროში ანაწილებს და განფენს ღვთის ნიჭთ: მის სიყვარულს, მშვიდობას, სამართალს, თანხმობას, ძალას აღდგომისა და საუკუნო ცხოვრების მოლოდინს.“

კრება აგრეთვე განმარტავს იმასაც, რომ შეუძლებელია, ეკლესიამ, მოწოდებულმა სულიერების ესქატოლოგიური გაგებისკენ, ადამიანისა და სამყაროს მსახურება მიატოვოს:
„ფაქტი, რომ მოქალაქობაი ჩუენი ცათა შინა არს (ფილიპ. 3, 20) არამცთუ გამორიცხავს, არამედ განაძლიერებს კიდეც ამ სამყაროში ჩვენს მოწმობას.

აქ გვინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ის, რაც უწინაც ხშირად გვითქვამს: არსებობს ერთგვარი „გარეგანი მღვდლობა“, რომელსაც უფრო წარმოჩინება სურს, ვიდრე – თვით ყოფნა, თვით არსი, უფრო თავს აჩვენებს, ვიდრე – ემსახურება, უფრო მსაჯულობს, ვიდრე გაიღებს. ამგვარი მღვდლობა ვერავისთვის იქნება დამაჯერებელი.

ეს ყველაფერი შენ კარგად იცი. დიაკვნად ხელი 2018 წლის იანვარში დაგასხეს, უხვი განათლება მიგიღია, ფლობ ენებს, უბრალოება, ღვთისმოშიშება გაგაჩნია და შეგიგრძვნია „სასწაულნი ჟამთანი“ (დროების ნიშანნი), წმინდა მეცნიერებას შენს სამშობლოში, აგრეთვე გერმანიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში და აშშ- ში დაუფლებიხარ, მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში მიგიღია მონაწილეობა და თავი გამოგიჩენია სხვადასხვაგვარი სამეცნიერო და სოციალური აქტივობით. პატივს სცემ მსოფლიო საპატრიარქო საყდარსა და მის მსახურებას. შენს ზნეკეთილობას, შენს საეკლესიო მუშაკობას, ღვთივკრძალულებასა და სხვა შენს უნარებს ამოწმებენ და ქებით გიხსენიებენ ისინიც, ვინც შენ გერმანიიდან პირადად გიცნობენ, უპირველესად კი მსოფლიო საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი მამა კონსტანტინე მირონი. აი, ეს ყველაფერი განამტკიცებს შენსა და, საერთოდ, მღვდლის მხრიდან ეკლესიის ქრისტესმიერ და ნაყოფიერ მსახურებას.

მიენდე ღვთის განგებას და საკუთარი თავისადმი მომთხოვნი იყავი, ნუ დაგავიწყდება, რომ ყოველივე, რასაც იქმ, ეკლესიის წიაღში ღვთის მიერ, შენი ხელით აღესრულება. ჩვენ, ქრისტიანებს გვწამს და ვლოცულობთ არა უპიროვნო და განზე მდგარი ღმრთისადმი, ადამიანის თავგადასავალს რომ შორიდან შესცქერის, არამედ მარადის ჩვენთვის მყოფი ღვთისადმი, უფრო ახლოს რომაა ჩვენთან, ვიდრე ჩვენ თავად ვართ საკუთარ თავთან. მღვდელი სიყვარულის ღმერთისა თვინიერი, უბრალო, სოციალურად აქტიურია, არასოდეს მცონარებს და პესიმიზმს არ მიეცემა, მსხვერპლის გასაღებად მუდამ მზადაა, შემგრძნობი ადამიანთა ტკივილისა. როგორ ვიქადაგებთ სიყვარულის სახარებას, თუკი თავად ჩვენ არ გვეყვარება? მორწმუნეებს პირისპირ ეკონტაქტე, უბრალოთა უბრალოებით, ვითარცა ერთი მათთაგანი. პირველი თავად ეახელი და მათგან ნუ ელი, შენთან თავად მოვიდნენ, მათ სულებს უნდა დაუახლოვდე, გონივრულად განსჯით, გაგებით, პიროვნებისადმი, მისი ნიჭებისადმი და მგრძნობიარობისადმი პატივისცემით. განსაკუთრებულად იზრუნე ახალგაზრდობასა და მის ქრისტესმიერ აღშენებასა და განმტკიცებაზე. „ჭეშმარიტ მწყემსს სამწყსოს მიმართ სიყვარული წარმოაჩენს, მწყემსი კეთილი სიყვარულისთვის ჯვარს-ეცვა.“ (კლემაქსი, თავი 31, ქვეთავი 5, მუხ. 7). ჭეშმარიტი მწყემსისთვის წარმოუდგენელია თვით საკუთარი თავის ცხონებაც კი ისურვოს თავისი სულიერი შვილების გარეშე. სწორედ ამგვარ მღვდელს უზენაესისა მიაგებს განსაკუთრებულ პატივს მართლმადიდებლობა.

შენი სამღვდელო მსახურების თანმდევი იქნება ჩვენი ყველას ლოცვა, მღვდელმთავარი იმვრუსა და ტენედოსისა გადმოგცემს წმინდა გიორგის ტაძარს, სინათლით აღვსილს, განმზადებულს, რათა შენი სამღვდელო და სამოძღვრო მსახურების ცენტრად იქცეს, საპატრიარქო საყდრის ყოველი წევრი აღმოგიჩენს თანადგომას შენი ახალი მოვალეობების შესრულებაში. შენთვის ლოცულობს წმინდა გიორგის ტაძრის მრევლიც და თავიანთი ახალი მღვდლისგან ბევრს ელის.

ახლა კი, დიაკონო ღირსო, მოვედ! შევედი სიმდაბლითა წმიდათა წმინდათაში, წარმომცალიერებლი თავისა თვისისა, რათა მიიღო მადლი სულისა წმიდისა, ნიჭი მეორე სამღვდელო საფეხურისა და შეიქნა გონივრად განმგე საღმრთოთა საიდუმლოთა!

--------

ასევე გთავაზობთ კონსტანტინოპოლის წმინდა საარქიეპისკოპოსოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში (ედირნეკაპი) დიაკონ ირაკლი ჯინჯოლავას მღვდლად ხელთდასხმის დღეს წარმოთქმულ სიტყვას (2020 წლის 12 ივლისი)

Παναγιώτατε Πάτερ και Δέσποτα,
ყოვლადუწმიდესო მამაო და მეუფეო,
ყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო,
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო,

ნება მიბოძეთ, გაგიზიაროთ ის უდიდესი სიხარული და მადლიერება, რასაც ამჟამად, ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან და განუმეორებელ დღეს განვიცდი.

ყოვლადუწმიდესო მეუფეო, დღეს, კონსტანტინოპოლის უწმინდეს ეკლესიაში, თქვენს წმინდა ხელთა მიერ მღვდლობის მადლით შემოსილმა, მინდა მადლობა ვუთხრა უპირველესად ჩვენს მარადიულ მღვდელმთავარს იესო ქრისტეს, და თქვენ, ყოვლადუწმიდესო მეუფეო, დიდი ნდობისა და მამობრივი ზრუნვა- სიყვარულისათვის.

ყოვლადუწმიდესო მეუფეო,
უდიდესი პასუხისმგებლობით ვიღებ სამღვდელმსახურო ვალდებულებებს, და ღმრთის შეწევნასა და თქვენი მამობრივ მზრუნველობას მინდობილი, ვეცდები მთელი ჩემი სულიერი და ფიზიკური ძალები ქრისტეს ეკლესიასა და მოყვასის მსახურებას მივუძღვნა, რამეთუ ჩვენი მხსნელი და თავი ეკლესიისა (ეფ. 5,23) „ქრისტე ყველასათვის მოკვდა“ (2კორ. 5,15).

ყოვლადუწმიდესო მეუფეო და ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, ღმერთის სამეფო, რომლის იმედითაც ვცხოვრობთ, არ იქნება მრავალეთნიკური, არამედ იქნება ზე-ნაციონალური, მაგრამ სანამ ზეციური სამეფო დადგება, ჩვენ საშუალება გვაქვს, აღვფრთოვანდეთ ღვთიური შემოქმედებით, რომელმაც მრავალი ერითა და კულტურით აღავსო დედამიწა და განუცხადა თავისი ნება მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრებისა და თანადგომისა. ასეთი თანაცხოვრების უდიდესი მნიშვნელობა განსაკუთრებულად დავინახე და გამოვცადე დასავლეთ ევროპაში ჩემი მრავალწლიანი ცხოვრების განმავლობაში.

ჩემი ქვეყნიდან შორს მყოფმა, მხოლოდ ქრისტეს მიერ მოვლენილი სხვადასხვა ეროვნების კეთილი ადამიანების დახმარებით შევძელი მწირი თეოლოგიური განათლების მიღება — ვეცნობოდი როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის სხვადასხვა ეკლესიებს. ყოველივე ამან კი სხვანაირად დამანახა ქრისტიანული სიყვარულისა და თანაგრძნობის მნიშვნელობა, რისი გვირგვინიც ჩემთვის დღევანდელი დღე და თქვენს მიერ გამოცხადებული ნდობაა.

საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს მოციქულთა დროიდან მოყოლებული მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ნათესაობა აკავშირებთ. ქართველთან განმანათლებლისა და კაბადოკიელი ქალწული წმინდა ნინოს ცხოვრება მოგვითხრობს, რომ იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, სწორედ ამ დიდი და სამეფო ქალაქ კონსტანტინოპოლიდან გააგზავნა პირველი ეპისკოპოსი და მღვდლები იბერიაში. დღეს ჩემი სიმდაბლის თქვენი სიწმინდის წინაშე დგომა მაფიქრებინებს ამ ნათესაობის სიძლიერესა და გაგრძელებაზე. ქართველი დიაკვნის კონსტანტინოპოლის წმინდა და დიდი ეკლესიაში მიღებული სამღდელო ხელთდასხმა ცხადად წარმოაჩენს ეკლესიის ერთობასა და მოწმობს თქვენი, როგორც ჭეშმარიტი მწყემსისა და მსოფლიო პატრიარქის მიერ ყველა ადამიანზე და ეთნოსზე მამობრივ ზრუნვას.

მაშინებს და ძალიან განვიცდი, რომ სულიერი უძლურებითა და სამოძღვრო გამოუცდელობით უნდა წარვდგე ჩემთვის ჯერჯერობით უცნობ, მაგრამ რწმენით, ტრადიციებით, ენით, კულტურითა და საერთო ისტორიით გაერთიანებულ მრევლთან. მჯერა, რომ მრავლის მნახველი და მრავალ ჭირგამოვლილი ხალხი მშობლიური სიყვარულით მიმიღებს და ჩვენთვის უმთავრესი ღმრთის სასუფევლისა და სიმართლისა ძიება იქნება, დანარჩენი კი, უფლის სიტყვისაებრ, თვითონ შეგვეძინება (მთ. 6,33). მაძლიერებს, ყოვლადუწმიდესო მეუფეო, თქვენს ხელთა დასხმით მიღებული „უძლურთა მკურნალი და ნაკლოვანებათა აღმავსებელი“ საღმრთო მადლი და თქვენი მამობრივი თანადგომის იმედი, ასევე იმედი თანადგომისა აქ მყოფი მამებისა, დებისა და ძმებისა, რომელთაც შევთხოვ, რომ მიმიღონ როგორც „მეთერთმეტა ჟამის მუშაკი“ (მთ.20,1-16) და მომცენ შესაძლებლობა, რათა ჩემი სიმდაბლის მსახურებით მოვიპოვო მათი ნდობა და სიყვარული.

ყოვლადუწმიდესო მეოფეო,
ვსარგებლობ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს მონაზვნად აღმკვეცელ მღვდელმთავარს, არიანზელ ეპისკოპოს მეუფე ბართლომეს. მადლობას ვუხდი ჩემს დიაკვნად მაკურთხეველსა და ყოველთვის გვერდით მდგომ მღვდელმთავარს, მეუფე ზენონ იარაჯულს. მადლიერებით მინდა მოვიხსენიო კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა სინოდის გენერალური მდივანი არქიმანდრიტი იოაკიმე ბილისი, მსოფლიო საყდრის არქიდიაკონი იოანე ქრისავგისი, ტელმესოს მთავარეპისკოპოსი იობ გეჩა, პროტოპრესვიტერი კონსტანტინე მირონი და პროფესორი კონსტანტინე დელიკოსტანტისი, რომელთაგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარაჭერასა და თანადგომას. მადლიერებით მოვიხსენიებ ჩემს სიყრმისდროინდელ მოძღვარს, დეკანოზ გიორგი ჯგუშიას, რომელმაც პირველად შემიყვანა წმინდა საკურთხეველში; ჩემს სულიერ მოძღვარს, დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძეს, რომელმაც სხვაგვარად დამანახა ღმრთისმსახურების სიდიადე, სილამაზე და უბრალოება; და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც კეთილი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე. უდიდესი მადლობა ჩემს ძვირფას ოჯახს, რომელთა სიყვარული ყოველთვის მაძლიერებს, და კიდევ ერთხელ, მადლობა თქვენ, ყოვლადუწმიდესო მამაო და მეუფეო, ქართველი ხალხისადმი ესოდენი სიყვარულისა, მწყემსმთავრული ზრუნვისა და ჩემთვის გამოცხადებული ნდობისათვის.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას და გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის.

 

კომენტარები