ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ სხვა დეპუტატები მისი თანასწორები არ არიან

"ძალიან მინდა ახლა ჩემი ადგილიდან ჩამოვიდე, ქალბატონო ხათუნა, და როგორც თანასწორ დეპუტატს, ისე გიპასუხოთ, უბრალოდ, ჩემს პოზიციას პატივს ვცემ და თავს უფლებას არ მივცემ, რომ პასუხი გაგცეთ იმაზე, რაც თქვენმა მეხსიერებამ შეგახსენათ". – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპული საქართველოს დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილს. 

ხათუნა გოგორიშვილმა ჯანდაცვის კანონში შესატანი ცვლილების განხილვის დროს არჩილ თალაკვაძეს უთხრა, რომ ახლა რიგგარეშე სხდომების ფარგლებში ქართული ოცნება ცდილობს ყველა ის კანონი მიიღოს, რაც საარჩევნოდ დასჭირდებათ, რადგან სექტემბერში ამ კანონებს ვეღარ მიიღებენ. 

"რა თქმა უნდა, ბატონო არჩილ, თქვენ გაწუხებთ პარლამენტის პრესტიჟი, მაგრამ პარლამენტის პრესტიჟზე უფრო მაღლა დგას სავარძელი". – უთხრა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის სპიკერს. 

პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მთავრობას მიეცემა საშუალება, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და, შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ეგიდით შეზღუდვები დააწესოს. 

ეს კანონი აქამდეც მოქმედებდა, თუმცა, მხოლოდ 15 ივლისამდე. დღეს პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობისთვის ამ უფლებამოსილების 2021 წლის იანვრამდე გახანგრძლივებას. 

ამასთან დაკავშირებით ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ამ კანონის მიღების პირობები შეახსენა. 

"ბატონო არჩილ, როდესაც მაისში ვიხილავდით, მაშინ გახსოვთ, რომ ჩანაწერი იყო უვადოდ და მერე გამოვიდა ბატონი კობახიძე და მისი ციტატა ახლაც მახსოვს, თქვენ რომ ჩაურთეთ მიკროფონი, თქვა, რომ ყოველგვარი კითხვის ნიშანი ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით რომ მოიხსნასო, გთავაზობთ ასეთ ვარიანტს, რომ ვადით იყოს და მერე შევთანხმდებით, რა ვადით, როგორო და ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემაც თავი დაუქნია. მახსოვს კარგად ეს სხდომა. ჩემი უბედურება ჩემს მეხსიერებაშია, რა ვქნა.

სიმართლე გითხრათ, მაშინ ვიფიქრე, რომ ბატონმა ირაკლიმ 15 ივლისი იმიტომ თქვა, რომ იქამდე საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება ვერ მოესწრებოდა და მასაც ჰქონდა ეს შფოთვები კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ზუსტად მესმის, ახლა რა ხდება. ალბათ, ახლაც იმავეს ფიქრობთ, შეიძლება, თქვენც ფიქრობთ, რომ ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ახლა არის ის პერიოდი, როდესაც თქვენ არ გადარდებთ არც პარლამენტის პრესტიჟი, არც ქვეყნის პრესტიჟი, არც საერთოდ მდგომარეობა". – თქვა ხათუნა გოგორიშვილმა. 

კომენტარები