საქართველოს პროკურატურა

ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე მასწავლებლებს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

საქართველოს  პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის საჩივარი და ლაგოდეხის ნაკრძალში 2019 წელს სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე მასწავლებლებს აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ 

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა "ალბიონის" პედაგოგების ნ.ს. -ს და ვ.ქ.-ს მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია", - წერია პროკურატურის მიერ გვარცელებულ განცხადებაში. 

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მასწავლებლები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა. 

პროკურატურამ ერთი წლის წინ ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული 16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილის საქმეზე ორ პედაგოგს ბრალი 1 ივლისს წარუდგინა

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა ალბიონის XI/2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის, ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში წავიდნენ ნინოსხევის ჩანჩქერის მოსანახულებლად.

სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ. ს-სთვის და ვ. ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას.

მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო, სვლა გაეგრძელებინათ ნინოსხევის ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა. ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ, ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გასძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობისა და წინდახედულების ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები