ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია კრიმინალურმა პოლიციამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოსაკითხად დაიბარა

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს.

ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ტაბულას უთხრა, რომ დეტალები არ იციან - რის მოსმენა უნდათ მთავარი არხის დირექტორისგან.

გამოკითხვა დღეს, 17:00-ზეა დანიშნული, თუმცა, ნიკა გვარამია გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს - ის ჩვენების მაგისტრი მოსამართლისთვის მიცემას მოითხოვს.

რამდენიმე დღის წინ, მთავარმა არხმა სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები გაავრცელა. მასში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მოდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობდა, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწროა", რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება და, სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე. 

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე", 8 ივლისს ავთანდილ ბილანიშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. იმავე დღეს, 17:19 საათზე, სწორედ მაშინ, როცა "კაწროს" კითხავდნენ, TV იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც გურამ ამირხანაშვილს ესაუბრა, სწორედ ქუჩის "ავტორიტეტი" ავთანდილ ბილანიშვილია. არხის მტკიცებით, სწორედ ბილანიშვილია ის პირი, რომელიც 19 ივნისს, გამთენიისას სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდეს და რომელიც თეთრი სატვირთო მიკროავტობუსით გადაადგილდება.

ქრონიკის ჟურნალისტმა ჩართვისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს იმედის ექსკლუზივია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბილანაშვილი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. თუმცა, მოგვიანებით, 17:31-ზე ქრონიკის წამყვანმა, ნინო თოლორდავამ ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ეთერში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავიდა. მისი თქმით, გადაუმოწმებელი იყო ის, რომ ბილანიშვილი იდენტიფიცირებულია.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი და არა ქუჩის "ავტორიტეტი", ავთანდილ ბილანიშვილი. შსს "მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე" აცხადებს, რომ ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თეთრი მიკროავტობუსიდან სწორედ ლურსმანაშვილი გადმოვიდა. 

"დადგენილია, რომ ის არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი - თბილისის მიმართულებით" - აცხადებს შსს.

თავად ლაშა ლურსმანაშვილმა ოთხსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ დიდუბეში "პირად საქმეზე" გაჩერდა და გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ, გუკა ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.

ქუჩის ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის, იმავე "კაწროს" მტკიცებით კი, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არც დაკავებულებს და არც დაზარალებულებს არ იცნობს და "რაღაცას მტენიან".

კომენტარები