ეკონომიკა

18 თვიანი კვლევის შემდეგ კონკურენციის სააგენტომ პურის გაძვირების მიზეზი დაადგინა

seriouseats.com

კონკურენციის სააგენტომ თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ დაადგინა, თუ რა იყო პურის გაძვირების მიზეზი 2018 წლის დეკემბერში. შესაბამისი დავალება სააგენტოს აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მისცა. 

ამ დროის განმავლობაში სააგენტო პურის გაძვირების მიზეზებს იკვლევდა. საბოლოოდ უწყებაში ამბობენ, რომ 2018 წელს წინა წელთან შედარებით ხორბლის თვითღირებულება გაიზარდა, ამ პირობებში კი გაძვირება კომპანიის გონივრულ დანახარჯებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იყო. სააგენტოში ამბობენ, რომ გაძვირების გარეშე ეკონომიკური საქმიანობა კომპანიებისთვის არ იქნებოდა რენტაბელური. 

კონკურენციის სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 2 200,000 ლარით ფინანსება, სააგენტოს ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 1.45 მილიონი ლარი, მხოლოდ ხელფასებზე იხარჯება.

სააგენტო 2014 წელს შეიქმნა და დაარსებიდან დღემდე მხოლოდ 1 ჯარიმა აქვს გამოწერილი.

2018 წლიდან გაიზარდა სააგენტოს დაფინანსება, მაგრამ თანამშრომელთა რაოდენობა კვლავ იგივე დარჩა, სააგენტოში 43 ადამიანი მუშაობს, თითო თანამშრომელის ხელფასი თვეში დაახლოებით 2,800 ლარი გამოდის.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძეა, ის თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა.

 

კომენტარები