აია-სოფია

UNESCO: მოვუწოდებთ თურქეთის მთავრობას, აია-სოფიაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დიალოგში ჩაერთონ

აია-სოფია

UNESCO აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების თაობაზე თურქეთში მიმდინარე სასამართლო განხილვას ეხმაურება. გაეროს სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აია-სოფია სტამბოლის ისტორიული არეალის ნაწილია და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულია მუზეუმის სტატუსით, რასაც თან ახლავს გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები.

"შესაბამისად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდება ისეთი ცვლილებები, რაც ამ ტერიტორიაზე არსებული საკუთრების გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას შეცვლის. ნებისმიერი ცვლილებისათვის აუცილებელია ქვეყანამ წინასწარ აცნობოს UNESCO-ს და შემდეგ, საჭიროების მიხედვით, საკითხი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა შეისწავლოს". - ვკითხულობთ განცხადებაში.

"გამორჩეული უნივერსალური ღირებულება" მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანის საფუძველია. სტამბოლის ისტორიული უბნის შემთხვევაში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა დაასკვნა, რომ ეს ტერიტორია საუკუნეების განმავლობაში ევროპისა და აზიის კულტურების შეხვედრის ამსახველ შედევრებს მოიცავს, აია-სოფია კი არაერთი ტაძრის და მეჩეთის მოდელად იქცა, მისმა მოზაიკებმა კი როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავლურ ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

"შესაბამისად, აია-სოფიას, როგორც სტამბოლის ისტორიული არეალის ნაწილს, ძლიერი სიმბოლური, ისტორიული და უნივერსალური ღირებულება აქვს". - ნათქვამია განცხადებაში.

UNESCO-ში აცხადებენ, რომ მათ არაერთი წერილით მიმართეს თურქეთს, გაითვალისწინოს ეს გარემოებები და დაიცვას მემკვიდრეობის უნიკალურობა და მნიშვნელობა.

"მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, ჩაერთოთ დიალოგში, სანამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, რაც ძეგლის უნივერსალურ ღირებულებაზე მოახდენს გავლენას". - ვკითხულობთ განცხადებაში.

თურქეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების საკითხზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს, 10 ივლისს გამოაცხადებს.

Reuters ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსალოდნელია, რომ სასამართლო გააუქმებს აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ყოფილი ქრისტიანული ტაძარი კვლავ მეჩეთი გახდეს.

გაზეთ Hurriyet-ის ჟურნალისტი აბდულკადირ სელვი კი წერს, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის 10 ივლისს გამოქვეყნდება.

"ერი ამას 86 წელია ელის. სასამართლო აია-სოფიას ბორკილებს ახსნის". - წერს ის.

2 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესაძლებლობაზე იმსჯელა, კონკრეტულად კი იმაზე, კანონიერი იყო თუ არა მისი მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილება. განხილვა 17 წუთს გაგრძელდა და გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადაიდო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პირველ ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც თურქეთს მოუწოდა, დატოვოს აია-სოფია მუზეუმად. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრიტიკა და მოწოდებები თურქეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად გამოაცხადა.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავ ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში - წმიდა სიბრძნის ბედი თურქეთში - აია-სოფია და ერდოღანის მესიჯი დასავლეთს.

კომენტარები