გიორგი შაქარაშვილის საქმე

გახარია შაქარაშვილის საქმეზე: რაც ახლა ხდება, ტრაგედიის გამოყენებაა პოლიტიკური მიზნებისთვის

გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ, რაც ახლა ხდება, არის სპეკულაცია და ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, ყველა კითხვას უმოკლეს ვადაში გაეცეს პასუხი. როგორც პრემიერი ამბობს, როცა გამოძიება დასრულდება და შედეგი იქნება, მხოლოდ შემდეგ შეიძლება გამოძიების შეფასება. 

"როდესაც მე ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას, სამწუხაროდ, იძენს ჩვენს ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები, სწორედ ამას ვგულისხმობ. მეგობრებო, მიმდინარეობს გამოძიება. მე ერთხელ უკვე ამაზე კომენტარი გავაკეთე და ვთქვი, რომ სახელმწიფოს და, პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. 

მე თუ კითხვები მიჩნდება, ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც, სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა, ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას", - ამბობს გახარია. 

ჟურნალისტის კითხვაზე, შეასრულა თუ არა შსს-მ თავისი დანიშნულება სწორად, როცა საქმეში ამდენი კითხვა გაჩნდა, გახარია პასუხობს, რომ, თუ რომელიმე სამართალდამცავმა დაუშვა კანონდარღვევა ან შესაბამისად არ შეასრულა მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა და "ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი". 

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამით დაიღუპა. ის 4 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. მაშველებმა მის ცხედარს 22 ივნისს, მდინარე არაგვში მიაგნეს. გარდაცვალებამდე შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად მცხეთაში, დაბადების დღეზე იყო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაბადების დღეზე, სადაც დაახლოებით 35 სტუმარი იმყოფებოდა, დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირებას შაქარაშვილი და მისი მეგობრები გაერიდნენ. დაპირისპირებაში ჩართული ახალგაზრდების ნაწილმა, "ნახალოვკელებმა", მეგობრებს დახმარება სთხოვეს და თბილისიდან "გამოიძახეს". მცხეთაში ისინი ორი მანქანით ჩავიდნენ. ერთ-ერთი მათგანი რკინის კეტით იყო შეიარაღებული.

როცა ისინი მცხეთაში მივიდნენ, შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და კიდევ ორი ადამიანი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე იყვნენ და მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ, რათა წასულიყვნენ ლისის ტბაზე, სადაც, დაპირისპირების შემდეგ, დაბადების დღის სტუმრების ნაწილს წვეულება უნდა გაეგრძელებინა. სწორედ აქ გაუსწორდნენ ნაძალადეველები შაქარაშვილს და მის მეგობრებს. ნაწილი დაიმალა, ნაწილი – გაიქცა. სწორედ ამ მომენტიდან გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი.

საქმის გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

დაკავებულია 17 ადამიანი. ყველას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქმის მასალების შესწავლას მედია ცდილობს. რამდენიმე ტელევიზიამ, ასევე რადიო თავისუფლებამ საქმის მასალები მოიპოვა. შაქარაშვილის საქმეზე დეტალებს სწორედ მედია ასაჯაროებს. პარალელურად კი საქმე უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება. ირკვევა, რომ საქმეში არის შეცვლილი ჩვენებები, ამასთან, ჩნდებიან ახალი ფიგურანტები, ცნობილი ხდება მოვლენების შესახებ, რომელზეც გამოძიება არ ლაპარაკობს.

კომენტარები