გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის ბიძა: [თუ ექსპერტიზა იქნება ორაზროვანი] ოჯახის პასუხი კატეგორიული იქნება

TV Pirveli

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე, ტვ პირველთან საუბარში ჟურნალისტის კითხვას, რომ, თუ ექსპერტიზის პასუხი ორაზროვანი იქნება, რა გეგმა აქვს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს, შაქარაშვილი ბიძა განმარტავს, რომ ოჯახს "კატეგორიული პასუხი ექნება".

"ხვალინდელმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი რამდენიმე კითხვას, პირველი, რა არის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, მეორე, მიყენებული დაზიანებები სიცოცხლეშივე აქვს, თუ გარდაცვალების შემდეგ მიღებული, მესამე - დაზიანებების ხარისხი როგორია". – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის თქმით,  ახალგაზრდის ოჯახი პირველივე დღიდან ამბობს, რომ გაზრახ მკველობის ვერსია ყველაზე რეალურია – "და შემდგომ - ყველა დანარჩენი ვერსია".

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი სასამართლო ექსპერტიზის პასუხს ხვალ, 10 ივლისს, ელოდება. გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზა 22 ივნისის შემდეგ მიმდინარეობს.

ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, შაქარაშვილი მდინარეში დაიღუპა თუ იქ წყალში გარდაცვალების შემდეგ ჩააგდეს. ასევე, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, როდის არის მიყენებული დაზიანებები - სიცოცხლეში თუ სიკვდილის შემდეგ.

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამით დაიღუპა. ის 4 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. მაშველებმა მის ცხედარს 22 ივნისს, მდინარე არაგვში მიაგნეს. გარდაცვალებამდე შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად მცხეთაში, დაბადების დღეზე იყო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაბადების დღეზე, სადაც დაახლოებით 35 სტუმარი იმყოფებოდა, დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირებას შაქარაშვილი და მისი მეგობრები გაერიდნენ. დაპირისპირებაში ჩართული ახალგაზრდების ნაწილმა, "ნახალოვკელებმა", მეგობრებს დახმარება სთხოვეს და თბილისიდან "გამოიძახეს". მცხეთაში ისინი ორი მანქანით ჩავიდნენ. ერთ-ერთი მათგანი რკინის კეტით იყო შეიარაღებული.

როცა ისინი მცხეთაში მივიდნენ, შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და კიდევ ორი ადამიანი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე იყვნენ და მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ, რათა წასულიყვნენ ლისის ტბაზე, სადაც, დაპირისპირების შემდეგ, დაბადების დღის სტუმრების ნაწილს წვეულება უნდა გაეგრძელებინა. სწორედ აქ გაუსწორდნენ ნაძალადეველები შაქარაშვილს და მის მეგობრებს. ნაწილი დაიმალა, ნაწილი – გაიქცა. სწორედ ამ მომენტიდან გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი.

საქმის გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

დაკავებულია 17 ადამიანი. ყველას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქმის მასალების შესწავლას მედია ცდილობს. რამდენიმე ტელევიზიამ, ასევე რადიო თავისუფლებამ საქმის მასალები მოიპოვა. შაქარაშვილის საქმეზე დეტალებს სწორედ მედია ასაჯაროებს. პარალელურად კი საქმე უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება. ირკვევა, რომ საქმეში არის შეცვლილი ჩვენებები, ამასთან, ჩნდებიან ახალი ფიგურანტები, ცნობილი ხდება მოვლენების შესახებ, რომელზეც გამოძიება არ ლაპარაკობს.

კომენტარები