ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა და დიზაინერმა, კანიე უესტმა ჟურნალ Forbes-თან პრეზიდენტობის, დონალდ ტრამპისა და საკუთარი წარმოდგენების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ის აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტის მხარდამჭერი აღარ არის და ტრამპის საარჩევნო სლოგანის Make America Great Again-ის ქუდს იხდის.
"ამ ინტერვიუსთან ერთად მე წითელ ქუდს ვიხდი". – თქვა უესტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კენჭს რესპუბლიკური პარტიიდან იყრიდა, იქ რომ დონალდ ტრამპი არ ყოფილიყო.
"კენჭს რესპუბლიკური პარტიიდან ვიყრიდი, თუ იქ ტრამპი არ იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი". – თქვა უესტმა.
კანიე უესტის თქმით, მას უკვე მოფიქრებული აქვს, რა მოდელით უნდა მართოს ამერიკა – ფილმ Black Panther-ში საიდუმლო ქალაქის, Wakanda-ს მეთოდით.
არტისტმა ინტერვიუში დემოკრატიული პარტიის შესახებაც ისაუბრა. ის ამბობს, რომ პარტიის წევრები შავკანიან ადამიანებს ეუბნებიან, რომ თუ მათ მხარს არ დაუჭერენ, შავკანიანებად აღარ აღიქმებიან.
"შეშინებული ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ დონალდ ტრამპის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩემი მუსიკალური კარიერა დასრულდებოდა. ერთ პარტიაში ყოფნისთვის, როგორც სელებრითს, მემუქრებოდნენ. სწორედ ასე ექცევიან დემოკრატები ჩემს ხალხს – ეუბნებიან, რომ თეთრკანიანები შავკანიანებს აღარ დაგვიძახებენ, თუ მხარს მათ არ დავუჭერთ". – თქვა უესტმა.
ინტერვიუში არტისტმა ღმერთი რამდენჯერმე ახსენა. კითხვაზე, როდის იბრძოლებს ის პრეზიდენტობისთვის, არტისტმა უპასუხა:
"ვნახოთ, როდის დავინიშნები 2020-ში თუ 2024-ში – რადგან პრეზიდენტს ღმერთი ნიშნავს. თუ 2020 წელს გავიმარჯვებ, ესე იგი, ღმერთმა დამნიშნა. თუ 2024 წელს გავიმარჯვებ, ესე იგი, მაშინაც ღმერთმა დამნიშნა". – თქვა უესტმა.
მან იმ მომენტზეც ილაპარაკა, როდესაც პირველად გაიფიქრა ამერიკის პრეზიდენტობის შესახებ.
"მახსოვს დედაჩემის სახლში ვიყავი, ჩემი დედობილის. ის შვილოს მეძახის, მე კი დედას ვეძახი. საშხაპეში ვიყავი და ვფიქრობდი, ტრეკებს საშხაპეში ვწერ. უცბად მომინდა მეთქვა – "შენ პრეზიდენტობაზე კენჭს იყრი" და ისტერიული სიცილი ამიტყდა". – თქვა უესტმა.
კანიე უესტმა ასევე გაამხილა, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც საკმარისი მოკვლევა არ ჩაუტარებია, ისეთ უძლიერეს ექსპერტებს მიაკითხავს, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან.
"[გადასახადებში] ჯერჯერობით საკმარისად გარკვეული არ ვარ. ამ თემას იმ უძლიერეს ექსპერტებთან ერთად გავივლი, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან და უკან საუკეთესო გადაწყვეტილებით დავბრუნდები. ეს იქნება ჩემი პასუხი ყველაფერზე, რაც არ მეცოდინება". – თქვა უესტმა.
მისივე თქმით, მას არჩევნებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.
"ისევე, როგორც სხვა ყველაფერში, აქაც გავიმარჯვებ". – თქვა უესტმა.