საფრანგეთი - რუსეთი

საფრანგეთის მინისტრი: რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკიდან 1 წლის შემდეგ შედეგი არ ჩანს

გასულ წლიდან საფრანგეთის მცდელობას, რუსეთთან ახალი ურთიერთობა დაეწყო და მოსკოვი წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებთან დაებრუნებინა, შედეგი ჯერ კიდევ არ გამოუღია. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ფლორენს პარლიმ 2 ივლისს განაცხადა. 

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთის იზოლაცია დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო და მან სურვილი გამოთქვა, რომ მოსკოვი მსოფლიოს ყველაზე გადაუჭრელი კრიზისების გადაჭრაში დახმარებოდა, ასევე, რუსეთს, ნატოსა და ევროკავშირს შორის უნდობლობა შემცირებულიყო. 

მაკრონმა 2019 წლის სექტემბერში თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გააგზავნა - 2019 წლამდე 4 წლის განმავლობაში მსგავსი დონის დიპლომატიური ვიზიტები მოსკოვში არ ყოფილა. ამასთან ერთად, მაკრონმა დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი, რათა ვლადიმირ პუტინისათვის შეთავაზებული დიალოგი წინ წასულიყო.

"თუ კითხვაა შემდეგი: არის თუ არა კონკრეტული შედეგები რუსეთთან საფრანგეთის მიერ ინიცირებულ დიალოგში, გულწრფელად გპასუხობთ, რომ ეს ჯერ ასე არ არის," - თქვა ფლორენს პარლიმ ევროპარლამენტში.

როგორც პარლი ამბობს, ევროკავშირისთვის საფრთხეა რუსეთის როლი ლიბიაში, სადაც ის ტრიპოლის მთავრობის საწინააღმდეგოდ არაოფიციალურად ხალიფა ჰაფთარის ძალებს ეხმარება:

"ამ როლის გამო არ გვიხარია... თუმცა ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტისთვის რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ. ლიბია არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც დისკუსია აუცილებელია".

შეგახსენებთ, რომ მაკრონმა გასულ წელს თქვა, რომ რუსეთი მათი მტერი არ არის:

"ეს საკითხი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს რუსეთია? ჩინეთი? NATO-ს მიზანია, რომ ისინი მტრად გამოაცხადოს? არ ვფიქრობ ასე. ალიანსში ჩვენი საერთო მტერი ტერორიზმია, რომელმაც ჩვენს წევრ ყველა ქვეყანაზე დატოვა კვალი".

მაკრონს ასევე ნათქვამი აქვს რუსეთზე:  "ჩვენ ნათელი, ძლიერი და მომთხოვნი დიალოგი გვსურს რუსეთთან, არც გულუბრყვილო და არც თვითკმაყოფილი. რუსეთთან დიალოგზე არ წასვლას ევროპა უფრო უსაფრთხო არ გაუხდია... რუსეთი, გეოგრაფიულად, ევროპის ნაწილია".

2019 წლის აგვისტოში მაკრონმა G7 სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის ევროპიდან გაძევება მათ ინტერესში არ არის:

"ევროპული კონტინენტი არასდროს იქნება სტაბილური, არასდროს იქნება უსაფრთხო, თუ ჩვენ არ დავალაგებთ და გავარკვევთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან. ეს, რა თქმა უნდა, ზოგიერთი ჩვენი მოკავშირის ინტერესში არ შედის და ზოგ მოკავშირეს მეტი სანქცია სურს იმიტომ, რომ ეს მათ ინტერესშია, მაგრამ ეს ჩვენ ინტერესში არ არის".

ასევე გასულ წელს, ემანუელ მაკრონმა Economist-ისთვის მიცემულ ცნობილ ინტერვიუში თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ტვინი მკვდარია" და მიზეზად აშშ-ს, როგორც ალიანსის მთავარი გარანტორის ქმედებები დაასახელა, მათ შორის სირიიდან სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე ძალების გაყვანა. მაკრონმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა NATO-ს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შესრულებაც. მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, იფიქრონ საკუთარ თავზე, როგორც გეოპოლიტიკურ ძალაზე, რათა საკუთარი ბედი თავად განაგონ.

მის ამ განცხადებას გაემიჯნა ევროკავშირის არაერთი ლიდერი. პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ კი თქვა:

"ევროპა თავს ვერ მოაჩვენებს, თითქოს არაფერი მომხდარა უკრაინაში, ბელარუსში, საქართველოში. ჩვენ ვემხრობით მშვიდობიან და დემოკრატიულ რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ რუსეთი მშვიდობიანი არ არის და მის გარშემო საკმაოდ აგრესიულად იქცევა. პრეზიდენტ მაკრონს განსხვავებული პოზიცია აქვს იმიტომ, რომ რუსული დათვის ცხელ სუნთქვას საკუთარ კეფაზე ვერ გრძნობს. ჩემი აზრით, ევროკავშირის სოლიდარობა ისეთი მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უყურადღებოდ არ დატოვონ ევროკავშირის პარტნიორები. საჭიროა თავშეკავება რუსეთთან მიმართებით."

კომენტარები