Wizz Air

Wizz Air: ქუთაისის ბაზა მუშაობას დროებით წყვეტს, თანამშრომლებს არ ვათავისუფლებთ

WizzAir

ავიაკომპანია Wizz Air-ის წარმომადგენელმა, ანდრაშ რადომ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კომპანია ქუთაისის ბაზას დროებით დახურავს.

როგორც ანდრაშ რადო ამბობს, კომპანია ბაზას არ ხურავს, თუმცა განუსაზღვრელი დროით წყვეტს მის მუშაობას.

ქუთაისში ბაზირებული ორი ავიახომალდი საქართველოდან უკვე გასულია და ბაზის მუშაობის განახლებამდე არ დაბრუნდება.

რადოს თანახმად, კომპანია არ გაათავისუფლებს ქუთაისის ბაზაზე დასაქმებულ თანამშრომლებს და მათ თავისი ქსელის სხვა ადგილებზე გადაანაწილებს.

ანდრაშ რადოს თქმით, სხვა სამომავლო გეგმებზე სპეკულირება ადრეა.

ტაბულას კითხვას იმის შესახებ, გაუქმდება თუ არა ქუთაისში ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა, ეკონომიკის სამინისტრომ არ უპასუხა.

"არ ვიცით, ეს ჩვენთან კითხვა არ არის, Wizz Air-ს უნდა ჰკითხოთ". – უთხრა ტაბულას სამინისტროს წარმომადგენელმა.

იქამდე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვიზეარს თვითმფრინავი ეყოლება მაინც და მაინც ქუთაისის აეროპორტში, თუ რომელიმე თავის ბაზაზე".

30 ივნისის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Wizz Air-ი ქუთაისში ბაზას დროებით აუქმებს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა. ის მასალაში გამოცემა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეყრდნობოდა. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ არ იციან, ვინ მიაწოდა მედიას ეს ინფორმაცია და ამას გაარკვევენ.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თანახმად, ბაზის გაუქმება ავიაკომპანიის გასვლას არ ნიშნავს, თუმცა ამ გადაწყვეტილებით 150 ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება.

"საუბარია იმაზე, რომ ქუთაისში არ იქნება ბაზირებული თვითმფრინავები. ბაზა ამას ნიშნავს, რომ იქ იყო რამდენიმე თვითმფრინავი, რომლებიც უკვე გაყვანილი ყავს ვიზეარს". – ამბობს გიორგი კანდელაკი.

30 ივნისს ავიაკომპანია ვიზეარმა რეისების უმეტესობა 2021 წლის მაისამდე გააუქმა – 2020 წლის აგვისტოდან მხოლოდ რვა რეისზე იძებნება ბილეთები: ვარშავის, დორტმუნდის, რიგის, ვილნიუსის, ათენის, ბუდაპეშტის, ვენის და ლარნაკას მიმართულებით.

კომენტარები