საკონსტიტუციო ცვლილებები

რამდენი ჰქონდა წნევა ადა მარშანიას, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების II მოსმენას ვერ დაესწრო

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია განმარტავს, რატომ არ ესწრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრას. ის ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ევროპულმა საქართველომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო შესწორებების პირველ და მეორე მოსმენამდე პერიოდებში კენჭისყრას პატრიოტთა ალიანსის ყოფილი და მოქმედი დეპუტატები, ემზარ კვიციანი და ადა მარშანია ჩამოაშორეს. 

"არ ვესალმებით ერთმანეთს და ისინი ჩემთან რაღაცა ბნელ მოლაპარაკებებს ... როგორ გაბედავდნენ საერთოდ მოსვლას. მესამე კენჭისყრის წინ რატომ არ მოვიდნენ მოსალაპარაკებლად და გადასაბირებლად ნეტავი"? – ამბობს მარშანია.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის თქმით, მას "ძალიან სერიოზული პირადი მიზეზი" ჰქონდა და ამიტომ ვერ დაესწრო მეორე მოსმენით კენჭისყრას.

"თუ ვინმეს ეს ძალიან აინტერესებს, საშინელი წნევა მქონდა, ორასი მქონდა წნევა, ორასი. ბატონ კობახიძეს უნდა, თავისი ჭკუით, ყველანაირი მეთოდით, მათ შორის, უცნაური და სასაცილო მეთოდებით, რაღაცნაირად ნაციონალურ მოძრაობასთან გადაგვაბას, არადა თვითონ არის ღრმა კრიმინალურ კოჰაბიტაციაში შესული ამ ე. წ. პოლიტიკურ ძალასთან". – ამბობს ადა მარშანია.

პატრიოტთა ალიანსის ყოფილი და მოქმედი დეპუტატების კენჭისყრიდან ჩამოშორებაზე ირაკლი კობახიძემ 30 ივნისს ისაუბრა. წამყვანმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაზეც ქართული ოცნების წევრმა თქვა, რომ ადა მარშანიამ მეორე კენჭისყრამდე მოიტყუა, სად იმყოფებოდა. 

"ადა მარშანიასთან დაკავშირებით, მაგალითად, მეორე მოსმენა იყო და ვიკითხეთ, სად იყო ადა მარშანია. გვითხრეს, რომ იყო რაჭაში, ჰქონდა წნევა, ვერ ჩამოდიოდა რაჭიდან სიმაღლის გამო. ჩვენ გადავამოწმეთ ჩვენი პარტიული ხაზით, სად იმყოფებოდა ადა მარშანია და იმყოფებოდა ქობულეთში". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები