რუსეთი

პუტინი ხალხს სტაბილურობას ჰპირდება, კონსტიტუციის ცვლილებებისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 7-დღიანი ეროვნული რეფერნედუმის უკანასკნელ დღეს მოსახლეობას სიტყვით მიმართა. პუტინმა მოსახლეობას დაჟინებით მოუწოდა, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებს ხმა მისცენ. 

ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში, პუტინი შეძლებს, კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი და 6 ან 12 წლით დარჩეს ხელისუფლებაში.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოქალაქეებს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტიას დაჰპირდა:

"ჩვენ შეგვიძლია ხალხს სტაბილურობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ღირსეული ცხოვრების გარანტია მივცეთ განვითარებით. ჩვენი სუვერენიტეტი დამოკიდებულია ჩვენს პასუხისმგებლობაზე, პატრიოტიზმის ჩვენს წმინდა გრძნობებზე".

1993 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის კონსტიტუცია რეფერენდუმის შედეგებით, დიდი ალბათობით, შეიცვლება. სახელმწიფო ეგზიტპოლების ცნობით, ამომრჩეველთა 2/3 პუტინის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს. 

"ჩვენ მხოლოდ ცვლილებებს არ ვაძლევთ ხმას. ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვაძლევთ ხმას, სადაც გვინდა ვიცხოვროთ თანამედროვე განათლებითა და ჯანდაცვის სისტემით ... ქვეყნისთვის, რისი გულისთვისაც ვმუშაობთ და გვინდა, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გადავულოცოთ". – თქვა მან.

გასულ დღეებში რუსეთში სოციალურ ქსელში მომხმარებლები არაერთ ვიდეო და ფოტომასალას ავრცელებდნენ და წერდნენ, რომ რეფერენდუმი იმართება ისეთ უჩვეულო ადგილებში, როგორიცაა ავტომობილის საბარგული, გადაჭრილი ხე, ავტობუსი, ღია სპორტული მოედანი და სხვა.

შეგახსენებთ, რომ პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ხელისუფლება კიდევ 6 ან 12 წლით მართოს.

რუსეთში პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების გასაპროტესტებლად ინტერნეტში მიმებს აზიარებენ.

ივნისის შუა რიცხვებიდან რუსეთის წიგნის მაღაზიებში კონსტიტუციის შესწორებული გამოცემები უკვე იყიდება.

კომენტარები