ეკონომიკა

შესაძლოა, საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან დაფინანსდეს - ბოლო წლებში ფონდმა 1 მილიარდი იზარალა

ტაბულა

სახელმწიფო კომპანიების უმსხვილესი კონგლომერატის, საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. სახელმწიფო კომპანიების საქმიანობა მნიშვნელოვან საკითხად იქცა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და მთავრობის ურთიერთობაშიც. IMF-სა და მთავრობას შორის მაისში მიღწეული შეთანხმებით, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო საქმიანობა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. 

შეთანხმების მიხედვით, საპარტნიორო ფონდმა უნდა შეწყვიტოს ახალი საინვესტიციო პროექტები და მხოლოდ არსებული პროექტების დაფინანსებით შემოიფარგლოს. ეს იყო ფონდისთვის პირდაპირ წაყენებული პირობა. 

ფონდის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი დანელიამ Forbes-ის კვირასთან ინტერვიუში ამ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ფონდის დაფინანსების წყაროს საკითხია. დანელიას თქმით, ფონდის დაფინანსების შესაძლო წყაროდ სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილება.

"ჩვენი წინადადება მოიცავს სამ ძირითად საკითხს. პირველი, ეს არის დაფინანსების წყაროების განსაზღვრა. ისტორიულად ჩვენი დაფინანსების წყაროები იყო ჩვენი შვილობილი კომპანიების დივიდენდები. როგორც აღმოჩნდა, ეს დაფინანსების საკმაოდ არასტაბილური წყაროა. ერთი გზა ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსებას და ერთჯერად კაპიტალიზაციას – მოხდება სახელმწიფო აქტივების გატანა ფონდის სტრუქტურიდან და მათ სანაცვლოდ ერთჯერადი კაპიტალშენატანის განხორციელება". – თქვა დანელიამ.

2017-2018 წლებში ფონდის ზარალი 1 მილიარდ ლარს აღემატება.

გიორგი დანელია ვერ ასახელებს კონკრეტულ თანხას, რომელიც, შესაძლოა, სახელმწიფომ ფონდს გადასცეს. მისი თქმით, ასევე უცნობია, ამგვარი დაფინანსება ერთი ბიუჯეტური წლის განმავლობაში მოხდება, თუ რამდენიმე წელზე გაიწერება.

დანელიას თქმით, ამგვარი მიდგომა სავალუტო ფონდის მხრიდან წამოვიდა, მისი თქმით, რახან საპარტნიორო ფონდი სახელმწიფო კომპანიაა, "IMF-ში მიაჩნიათ, რომ მასზეც იგივე ბიუჯეტური კონტროლის მექანიზმები უნდა ვრცელდებოდეს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტზე".

დანელია ამბობს, რომ დაფინანსების კიდევ ერთ წყაროდ ფონდისთვის სხვადასხვა ლიკვიდური სახელმწიფო აქტივების გადაცემა განიხილება, რომლითაც ფონდი პროექტების განხორციელებას შეძლებს. 

"ფონდი, ბოლო ორი წელია, რეფორმირების ეტაპზეა, ჩვენ ვცდილობთ, შევცვალოთ ფონდის სტრუქტურა, საინვესტიციო მანდატი, დაფინანსების წყაროები და ა. შ. გამომდინარე იქიდან, რომ IMF-ს ჰქონდა გარკვეული რჩევები და რეკომენდაციები, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მონეტარულ ფონდთან". – განაცხადა დანელიამ.

სახელმწიფო კომპანიების საქმიანობის შესახებ უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.

კომენტარები