ევროპული საქართველო

კანდელაკი გახარიას: რა იცით ხანგოშვილის მკვლელობაზე, ან იმაზე, რატომ დატოვა საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა პრემიერმინისტრ გახარიას ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის შესახებ დაუსვა კითხვა. 

გიორგი კანდელაკმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ჰკითხა, რა იცის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის ან მის მიერ საქართველოს დატოვების მიზეზების შესახებ. 

"მაინტერესებს, გვითხრათ, თქვენ რა იცით ზელიმხან ხანგოშვილის საქმის შესახებ. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება გასული წლის 23 აგვისტოს მის მკვლელობასთან დაკავშირებით და ამის შესახებ ისაუბრა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და მან თქვა, რომ იმის გამო, რომ გერმანიას აქვს განზრახვა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო შემოიღოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

ამჯერად ასე გკითხავთ, რა იცით ამ ამბის შესახებ? რა იცით ზელიმხან ხანგოშვილის წინააღმდეგ 2015 წელს თბილისის ცენტრში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ და მის მიერ ქვეყნის დატოვების მიზეზების შესახებ". – ჰკითხა გიორგი კანდელაკმა პრემიერმინისტრს. 

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც გერმანიის პროკურატურა თორნიკე ქავთარაშვილად მოიხსენიებს, ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს კი რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

18 მაისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. 

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაში ლაპარაკია მკვლელობის გარემოებებზე, მათ შორის ხანგოშვილის ურთიერთობებზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან. განცხადებაში საქართველოს მთავრობა პრორუსულადაა მოხსენიებული.

"მკვლელობის შეკვეთის უკან იდგა მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ისევე, როგორც საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ". – წერია განცხადებაში.

გერმანულმა მხარემ რამდენჯერმე მიმართა რუსეთს გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით საპასუხო ზომები მიიღო მოსკოვმაც.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.

კომენტარები