ომბუდსმენის ანგარიში

ომბუდსმენი: პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებებში, წინა წლების მსგავსად, არასათანადო მოპყრობა, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა და პატიმრობის სათანადო პირობების უზრუნველყოფა კვლავ პრობლემად რჩება.

ომბუდსმენის თანახმად, წინა წლებში სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან მხოლოდ რამდენიმე შესრულდა. 

"საქართველოს პარლამენტის მიერ არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გაზიარებული სახალხო დამცველის წინადადება. არც საქართველოს მთავრობამ შეასრულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია. უმეტეს შემთხვევაში, სისტემური რეკომენდაციები, რომლებიც წლების განმავლობაში გაიცემა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის მეტად მნიშვნელოვანია, კვლავ შეუსრულებელია", - წერია ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრები ლაპარაკობდნენ თანამშრომლების მხრიდან არაეთიკურ, ზოგ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელ და უთანასწორო დამოკიდებულებაზე.

"პატიმრებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა. პატიმრებს შეზღუდულად მიეწოდებათ პირადი ჰიგიენის დაცვისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, შეზღუდული აქვთ საკუთარ ტანსაცმელზე წვდომა. დეესკალაციის ოთახებში ყოფნის დროს, პატიმრებს უმეტესად არ ეძლევათ შხაპის მიღების და გასეირნების საშუალება, შეზღუდული აქვთ მაღაზიით სარგებლობის, სატელეფონო ზარით, პირადი მიმოწერით და პაემნით სარგებლობის უფლება", - წერია ანგარიშში. 

სახალხო დამცველის კვლევის მიხედვით, ვლინდება, რომ ციხეებში ფსიქოსოციალური მხარდამჭერი სერვისების  არარსებობის გამო ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი დროით ათავსებს პატიმარს, რომელსაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვისი ან საკუთარი თავის დაზიანების რისკი წარმოიშობა. 

პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ პრობლემურია დაწესებულებების ექიმების მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების იდენტიფიცირების და დოკუმენტირების პრაქტიკა.

"ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა სხეულზე საეჭვო დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში ექიმები არ ახდენენ მის დოკუმენტირებას №131 ბრძანებით დამტკიცებული დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად. დახურული ტიპის დაწესებულებებში კი, დაზიანებების დოკუმენტირება მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც დაწესებულებაში შესახლების დროს ბრალდებული მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, მის მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა", - წერია ანგარიშში. 

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და დოკუმენტირების ხარვეზიან პრაქტიკას, სხვა გარემოებებთან ერთად, განაპირობებს ექიმების არასათანადო კვალიფიკაცია, პატიმართან კონფიდენციალურ გარემოში შეხვედრის შესაძლებლობის არარსებობა , დოკუმენტაციის შევსებისათვის პატიმრის მხრიდან ინფორმირებული თანხმობის მიღების ვალდებულება და სხვა ნორმატიული ხარვეზები. 

ომბუდსმენის კვლევის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლების რაოდენობა დაწესებულებებში უსაფრთხო, დაცული და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, პერსონალის ნაკლებობისა და გადატვირთულობის გამო დაწესებულებებში რისკის ქვეშ დგება როგორც პატიმართა, ისე თანამშრომელთა უსაფრთხოება. არის შემთხვევები, როდესაც ერთი თანამშრომელი ვერ ახერხებს პატიმართა შორის კონფლიქტის დროულად განმუხტვას, რადგან დახმარებისთვის დიდხანს უცდის კოლეგას. დაყოვნებამ კი, შესაძლოა, პატიმრების ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე წარმოშვას.

კომენტარები