ომბუდსმენის ანგარიში

ბოკერია წულუკიანზე: უწიგნური, უვიცი, ბნელი - უსაყვედურა ომბუდსმენს, ჩვენს რეპუტაციას არ იცავო

"უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ," - ასე აფასებს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე 21 იანვარს გაკეთებულ განცხადებებს.

კომიტეტზე, სადაც ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს განიხილავდნენ, იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ნინო ლომჯარია არ არის, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი, "როცა მას და მის ოჯახს ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ". 

წულუკიანმა პრეტენზია გამოთქვა პატიმრის მოსანახულებლად შესული სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩაცმულობაზეც. მინისტრმა თქვა, რომ "ბასკური ბერეტით" და დახეული ჯინსებით ამ ადამიანს "ოპერაშიც არ შეუშვებდნენ". 

გიგა ბოკერიას თქმით, ამ განცხადებების ავტორს არც გაუგია, რომ ნორმალურ ქვეყანაში ომბუდსმენის ფუნქცია ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა არ არის:

"საყვედურად წაუყენა ეს, სახალხო დამცველს, ჩვენს რეპუტაციას რატომ არ იცავო. ან ვინ უთხრა, რომ გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე უნდა ისაუბროს იუსტიციის მინისტრმა. იმის მაგივრად, რომ შეწუხებულიყო პრობლემებით და დისკუსია ჰქონოდა იმაზე, რაც იყო ამ მოხსენებაში, ისაუბრა იმაზე, როგორ უნდა იცავდეს სახალხო დამცველი მთავრობის და მისი მარჩენალის ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციას, გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე," - ამბობს ბოკერია.

ბოკერიას თქმითვე, თუ წულუკიანი თვლიდა, რომ ჩაცმულობასთან დაკავშირებით პრობლემა იყო, ესეც მისი რეგულირების სფეროა და შეეძლო გამოეცა ამაზე ბრაძანება. 

"მაგალითად, მსოფლიოში მიღებულია, რომ ძალიან გამომწვევად ჩაცმა, სიშიშვლე არ არის მისაღები თუნდაც ვიზიტორებისთვის. ეს ნორმალური რეგულაციაა, ოღონდ ეს მისი ფუნქცია იყო."

გიგა ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ პრობლემა მხოლოდ წულუკიანი არ არის, პრობლემა ბიძინა ივანიშვილია,  რომელმაც "ასეთი კლოუნები" მოიყვანა და აუცილებელია, რომ ეს ხალხი არჩევნების გზით ჩამოცილდეს ხელისუფლებას:

"რაზე საუბრობს საერთოდ, ეს არის ფიგურა, რომელმაც იუსტიციის სახლში საბჭოთა ქაღალდები დააბრუნა, მთელი მუღამი ამ საქართველოს სავიზიტო ბარათის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კომფორტული ამბის, რომელმაც ჩვენ საბჭოთა ჭაობს დაგვაცილა იყო ის, რომ ყველაფერი ხდება ელექტრონულად და სწრაფად. ამ ბოლო პერიოდში კი ქაღალდების მიტანა გჭირდება, უკან დაგვწია ამ უვიცმა, უწიგნურმა და ბნელმა," - ამბობს ბოკერია.

კომენტარები