საქართველოს პროკურატურა

POG: ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის მიცემისთვის ადვოკატი დავაკავეთ

huffingtonpost

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს ადვოკატი გ.ჩ.   

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკავებულმა ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ შუამავალს ერთ-ერთი თანამდებობის პირისთვის 100 000 ლარის გადაცემა შესთავაზა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა გ.ჩ.-მ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ ა.ლ.-სთან ერთად, შუამავალს შესთავაზა ერთ-ერთი თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 100 000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, გ.ჩ. მას შემდეგ დააკავეს, რაც შუამავალმა გენერალურ ინსპექციას მიმართა. მათივე ინფორმაციით, ამავე საქმეზე სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს ა.ლ.-ს მიმართაც, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

კომენტარები