საკონსტიტუციო ცვლილებები

ბობოხიძე: "ოცნებას" შინაარსის გამოტანა უჭირს, საარჩევნო ცვლილების ჩაგდების შანსიც არ დარჩათ

ტვ. პირველი

"წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს დეპუტატი, აკაკი ბობოხიძე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდათ.   

"წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ. ქართულ ოცნებას შანსიც კი არ დარჩა, რომ საკითხი ჩააგდოს. რომც ჩააგდოს, საკითხის გატანას უზრუნველყოფს ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის 28 წევრი შეთანხმების დაცვის ფასად. ქართულმა ოცნებამ ან უნდა შეასრულოს პირობა და ამით უზრუნველყოს საკითხის გატანა, ან დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყოს საკითხის გატანა". – ამბობს ბობოხიძე. 

მისივე თქმით, ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გარდა, სხვა გზა არ აქვს და "მათი პოზირება, რომ ჩვენ ეს გაგვაქვს, არის მხოლოდ იძულება სხვაგზაარდარჩენილი ადამიანის და არა მათი კეთილი ნება".

"ქართული ოცნება მაგონებს კაცს, რომელიც ძალიან მოდიდებულ მდინარეს მიაქვს, უბრალოდ მიჰყვება მდინარეს და თან გაიძახის, ვცურავო". – ამბობს ბობოხიძე. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს, 24 ივნისს ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ შეშფოთებულია ევროპული საქართველოს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებით, "სადაც მათ თქვეს, რომ უნდათ და ელოდებიან, რომ ჩავარდეს არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება".

"რატომ კეთდება მათი პოლიტიკური პარტიის მხრიდან განცხადებები, რომ მათ სურთ და ელოდებიან, როდის ჩავარდება ეს საარჩევნო ცვლილებები. თუ ამასთან დაკავშირებით არ გაკეთდება ადეკვატური პოლიტიკური შეფასებები და არ იქნება განმარტებული, არის თუ არა ეს პოლიტიკური პარტიისა და ოპოზიციის ამ ჯგუფის –ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს საერთო პოზიცია, ვინაიდან, ჩვენ სწორედ ამას ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ამ ადამიანებს, რეალურად, არ სურთ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა, არ სურთ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები, არამედ მათი დღის წესრიგი არის დესტაბილიზაცია და ნორმალური პოლიტიკური პროცესის ბლოკირება". – თქვა თალაკვაძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ, 23 ივნისს აკაკი ბობოხიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ბობოხიძემ თქვა, რომ "სიმართლე გითხრათ, მინდა რომ საკითხი ჩავარდეს, იმიტომ კი არა, რომ საკითხი საბოლოოდ ჩავარდება, არა". 

"დღეს ბიძინა ივანიშვილი უკვე გვეუბნება და მყარად არის დარწმუნებული, რომ რაც არ უნდა დაუჯდეს, საკითხი უნდა გაიტანოს ჩვენგან დამოუკიდებლად. ამიტომ, რადგან ის ჩამოყალიბდა საკუთარ თავში, იცის, რომ მართლა „ჩეპე“ თუ არ მოხდა და დეპუტატების ჯგუფი ავარიაში არ მოჰყვა, საკითხი გავა, მაგრამ თუ არ გავიდა საკითხი, ჩვენ პირდაპირ დავუსვამთ ივანიშვილს საკითხს, რომ – ხომ გინდა პროექტი გავიდეს? – ანუ ჩვენი ხმები სჭირდება და მაგიტომ ვერ გააქვს? გამოუშვი რურუა და დაგიბრუნდება ეს ხმები. 20 კი არა, 27 ხმა მიუვა სანაცვლოდ, მაგრამ ამ მდგომარეობამდე ის საკითხს არ მიიყვანს". – თქვა მან. 

23 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის კანონპროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრას 119 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან 115 კანონპროექტის მომხრე იყო. 

I მოსმენის დროს, რომელიც 21ივნისს გაიმართა, ევროპულმა საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და ცვლილებებს მხარი დაუჭირა, შესაბამისად, ცვლილებები 136 ხმით მიიღეს.

საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაფორმებული შეთანხმების ნაწილია.

ამასთან, შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა, პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს.

ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენის დროს კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ამით ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე – ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებამდე რურუას გათავისუფლების დრო მისცა. ამასთან, პარტიის განცხადებით, ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე ესაჭიროება.იმ შემთხევაში კი, თუ ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, ხელახალი კენჭისყრა მეორე ან მესამე დღესაც გამართონ.

ნაციონალურმა მოძრაობამ კი მიიჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიიღებს მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

კომენტარები